იტალიაში ლოჩოშვილის დებიუტიც შედგა - „კრემონეზე“ მოურინიოს „რომასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
იტალიაში ლოჩოშვილის დებიუტიც შედგა - „კრემონეზე“ მოურინიოს „რომასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილი მეოთხე ქართველი მოთამაშეა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში ითამაშა – დღეს 24 წლის მცველი პირველად გამოჩნდა სერია „ა“-ს „კრემონეზეში“, რომელიც გასვლაზე „რომასთან“ 0:1 დამარცხდა.

სტადიო ოლიმპიკოზე“ გამართულ მე-2 ტურის შეხვედრაში ლოჩოშვილიკრემონეზეს“ მწვრთნელმა სადებიუტო მატჩში პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. პირველ ტურში ლუკა განაცხადშიც არ იყო, რაც იურიდიული პრობლემების მოგვარებით იყო გამოწვეული. ამჯერად მან 3-კაციან უკანა ხაზში მარცხენა ცენტრალური მცველის როლი ითამაშა. ისევე როგორც ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“, იტალიაშიც მოედანზე 44-ნომრიანი მაისურით გავიდა.

ლუკა ლოჩოშვილმა და „კრემონეზემ“ ჟოზე მოურინიოს „რომასთან“ პირველ ტაიმში საიმედოდ დაიცვეს თავი. ქართველი ფეხბურთელი ახალ ლიგაში თამამად და ხისტად ეთამაშებოდა ცნობილ თავდამსხმელებს და არაფერს უთმობდა. მაგრამ 66-ე წუთზე რომაელებმა ანგარიშის მაინც გახსნეს. კუთხურის გათამაშების შემდეგ კრის სმოლინგმა დაცვაში თავისუფალი სივრცე მონახა, ანგარიში გახსნა და „რომა“ დააწინაურა.

პირველი, ვინც „კრემონეზედან“ მწვავე დარტყმით უპასუხა, ლუკა ლოჩოშვილი იყო. ქართველმა მცველმა 68-ე წუთზე ბურთი მოედნის ნახევრიდან თამამად წაიღო და მარცხენა ფეხით შორი მანძილიდან კარში ძლიერად დაარტყა, მაგრამ „რომას“ მეკარე რუი პატრისიომ საიმედოდ ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. სტანდარტის გათამაშებაზე ლუკამ ბურთისთვის ბრძოლა მოიგო და თანაგუნდელს ქუსლით საჯარიმოში ბურთი დაუგორა, მაგრამ ემანუელ ვალერიმ მიზანს ვერ მიაღწია.

85-ე წუთზე „კრემონეზეს“ მწვრთნელმა შეტევის გაძლიერება ქართველი მცველის შეცვლით და მოედანზე თავდამსხმელის, დანიელ ჩოფანის შეყვანით სცადა. მაგრამ „რომამ“ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა, 1:0 მოიგო და 2 ტურის შემდეგ 6 ქულით ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ და „ინტერს“ გაუთანაბრდა. „კრემონეზეს“ ჯერ ქულაც არ აქვს და „სამპდორიასთან“ ერთად ბოლო ადგილზეა.