იტალიაში, კარატეს საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა შვიდი მედალი მოიპოვეს #1TVSPORT
იტალიის ქალაქ ლეკოში გაიმართა ყოველწლიური მეცხრე საერთაშორისო ჩემპიონატი კარატეში „შავი ქამრის თასი“ (Black Belt Cup 2026), რომელშიც საქართველოს შოტოკან კარატე დოს კონფედერაციის გუნდმა წარმატებით იასპარეზა.
შეჯიბრების ორგანიზატორი იყო იტალიის სპორტული კარატეს გაერთიანებული ფედერაცია (UKS). ამ ტურნირზე, სადაც 20-მდე ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, ქართველმა კარატისტებმა, საერთო ჯამში, შვიდი მედალი მოიპოვეს – ოთხი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
უფროსებს შორის ორ დისციპლინაში, ინდივიდუალურ კატასა და კუმიტეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ოქროს მედლებით აიღო ჭაბუკა მახარაძემ. ის მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონია, ასევე მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, შავი ქამრის მეხუთე დანის მფლობელი.
წარმატებით იასპარეზა 13 წლის ანდრია საათაშვილმა – ევროპის ორგზის და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულმა სპორტსმენმა. მან 13 წლის ვაჟებს შორის ინდივიდუალურ კატაში პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ამ შედეგის გარდა, მანვე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აიღო ინდივიდუალურ კუმიტეს +55 კგ წონით კატეგორიასა და ინდივიდუალური კუმიტეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში.
ამ საერთაშორისო ტურნირზე პირველად მიიღო მონაწილეობა 11 წლის ბარბარე თავაძემ, რომელმაც პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა გოგონათა 11-12 წლებს შორის ინდივიდუალური კუმიტეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, მანვე მეორე ადგილი მოიპოვა ინდივიდუალურ კუმიტეს +45 კგ წონით კატეგორიაში.