იტალიაში გამოძიება გრძელდება - „ნაპოლის“ შესაძლოა, ქულები დააკლონ #1TVSPORT
იტალიაში გამოძიება გრძელდება - „ნაპოლის“ შესაძლოა, ქულები დააკლონ #1TVSPORT

იტალიურ ფეხბურთში გამოძიება გრძელდება – მას შემდეგ, რაც „იუვენტუსს“ 15 ქულა ჩამოართვეს და კლუბის ხელმძღვანელობა დასაჯეს, შემდეგი მსხვერპლი, შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ გახდეს.

ნეაპოლურ კლუბს, რომელიც სერია A-ში დამაჯერებლად ლიდერობს და 33 წლის განმავლობაში პირველადაა ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი, ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს.

გუნდის ბომბარდირი ნეაპოლში 2020 წელს ფრანგული „ლილიდან“ გადავიდა. მაშინ გამოცხადებული სატრანსფერო თანხა იყო 72 მილიონი ევრო, დამატებით 10-მილიონიანი ბონუსი, ასევე ნეაპოლელებმა საფრანგეთში, სანაცვლოდ, ოთხი ახალგაზრდა ფეხბურთელი გაუშვეს.

ამ საქმეზე მუშაობს პროკურორი ჯუზეპე ჩინე, რომელმაც „იუვენტუსის“ მაქინაციები გამოიძია და დასაჯა. მისი თქმით, ტრანსფერზე გადარიცხვების შესახებ მონაცემები სიმართლეს არ შეესაბამება და ფინანსური თაღლითობის მიზნით თანხები გაბერილი იყო.

მას ეჭვი აქვს, რომ, რეალურად, ნეაპოლელებმა ნიგერიელის ტრანსფერში 52 მილიონი ევრო გადაიხადეს. თუ გამოძიებამ დაადასტურა ნეაპოლელთა თაღლითობა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ქულების დაკლება, რაც ტიტულისთვის ბრძოლაში ლუჩანო სპალეტის გუნდს დააზიანებს.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური ქმედებებისთვის „იუვენტუსს“ სასამართლომ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 15 ქულა დააკლო, „ნაპოლის“ კი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სავარაუდოდ, 8 ან 10 ქულას დააკლებენ. პროკურორი სამართალდარღვევის დოკუმენტური მტკიცებულებების მოძიებას უახლოეს ექვს თვეში აპირებს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 50 ქულით ლიდერობს. მე-2 ადგილზე მყოფი „მილანი“ ნეაპოლელებს 12 ქულით ჩამორჩება.