იტალია 1938 | საინტერესო და სახალისო ფაქტები მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიიდან [ვიდეო] #1TVSPORT

1938 წელს საფრანგეთმა მსოფლიოს რიგით მესამე ჩემპიონატს უმასპინძლა. წინასწარი შეთანხმებით, მუნდიალი ორ კონტინენტზე, ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში რიგრიგობით უნდა გამართულიყო, მაგრამ ფიფა-მ გადაწყვეტილება შეცვალა და მსოფლიო ჩემპიონატი კვლავ ევროპაში ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებამ ლათინური ამერიკის ქვეყნების დიდი აღშფოთება გამოიწვია, ნაკრებების უდიდესმა ნაწილმა ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა – საფრანგეთში მხოლოდ ბრაზილიისა და კუბის ეროვნული გუნდები გაემგზავრნენ.

ახალი ბურთი და რადიორეპორტაჟი

მსოფლიოს 1938 წლის ჩემპიონატში პირველად გამოიყენეს ბურთი თასმების გარეშე. ეს იყო იდეალურად მრგვალი, სრულიად ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ბურთი, რომელსაც ნიპელი შიგნიდან ჰქონდა დამაგრებული. სამხრეთ ამერიკის კონტინეტზე პირველად, კერძოდ კი ბრაზილიაში საფეხბურთო მატჩების რადიორეპორტაჟი ევროპიდან გადაიცემოდა. კომენტატორი  ბრაზილიელი რადიომწაყვანი გალიანო ნეტო იყო, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

ლეონიდასის ტრიუმფი

ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი ლეონიდას და სილვა გახდა. ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა მსოფლიო ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა. ლეონიდასი პელეს გამოჩენამდე ყველაზე დიდ ბრაზილიელ ფეხბურთელად მიიჩნეოდა და გულშემატკივრებმა მას „შავი მარგალიტი“ შეარქვეს. ლეონიდასმა პოლონეთთან მატჩში (6:5) ჰეთ-თრიკიც შეასრულა.

ბრძოლა ბორდოში

ბრაზილიისა და ჩეხოსლოვაკიის ნაკრებების ნახევარფინალური შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უხეში, ტრავმებითა და გაძევებებით სავსე მატჩი იყო. ტურნირის ვარსკვლავმა, 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირმა ოლდრჟიხ ნეედლიმ ფეხი მოიტეხა, ჩეხოსლოვაკიის მეკარე პლანჩიკმა – ხელი. მოედნიდან გააძევეს სამი ფეხბურთელი – ორი ბრაზილიელი და ერთი ჩეხი. მოედანზე ნამდვილი შერკინება იყო, რომელსაც გულშემატკივრებმა „ბრძოლა ბორდოში“ შეარქვეს. „ბრძოლაში“ ბრაზილიამ 2:1 გაიმარჯვა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

მარცხი ლეონიდასის გარეშე

ნახევარფინალში ერთმანეთს იტალია და ბრზილია დაუპირისპირდნენ. ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები რატომღაც სათანადოდ ვერ შეაფასა და თავისი გუნდის ლიდერის, ლეონიდასის დასვენება გადაწყვიტა, რათა ის ფინალისთვის უკეთ მომზადებულიყო. ეს საბედისწერო შეცდომა გამოდგა – ფინალური საგზური ჯუზეპე მეაცას იტალიამ მოიპოვა, რომელმაც ლეონიდასის გარეშე დარჩენილ ბრაზილიას 2:1 მოუგო.

ორგზის მსოფლიო ჩემპიონი

ბრაზილიელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ფინალში გავიდოდნენ და მარსელი-პარიზის ერთადერთ ავიარეისზე ბილეთები წანასწარ იყიდეს. მარცხის მიუხედავად, ბრაზილიელებმა უარი თქვეს ბილეთები იტალიელებისთვის დაეთმოთ და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები ფინალური მატჩის ჩასატარებლად პარიზში მატარებლით გაემგზავრნენ. იტალია ფინალში უნგრეთის ძლიერ ნაკრებს დაუპირისპირდა. დაძაბული ბრძოლა იტალიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. მალევე პლანეტა მეორე მსოფლიო ომის ქარ-ცეცხლში გაეხვია და მუნდიალი 1950 წლამდე ვეღარ ჩატარდა.