ისტორიული შედეგი - მორის ყვითელაშვილმა სოჭის გრან პრი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ისტორიული შედეგი - მორის ყვითელაშვილმა სოჭის გრან პრი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს, სოჭში გამართულ გრან პრის მეექვსე ეტაპზე მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა მამაკაცებს შორის, სადაც ერთდროულად ორი ქართველი სპორტსმენი მორის ყვითელაშვილი და სენიორების ეტაპების დებიუტანტი ნიკა ეგაძე მონაწილეობდნენ.

საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში, დაძაბული ორდღიანი ასპარეზობის შემდეგ, ორი პროგრამის ჯამში, 266.33 ქულით სოჭის ეტაპის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი გახდა.

ამ რანგის ტურნირზე მოპოვებული ოქროს მედალი, რომელშიც მონაწილეობდა 8 ქვეყნის რეიტინგული 12 მონაწილე, პირველი შემთხვევაა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში. თავისუფალ პროგრამაში შესრულებული სამი ოთხმაგი ნახტომი, პროგრამის მხატვრული წარმოდგენა და სრიალის ხარისხი მსაჯების მიერ შეფასდა მაღალი ქულებით და მსოფლიო რეიტინგულ ნუსხაში მორის ყვითელაშვილი წამყვან პოზიციაზე აღმოჩნდა ევროპის ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების წინ.

მოკლე პროგრამაში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, ურთულესი ტექნიკური ელემენტებით დატვირთული თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა სენიორების დებიუტანტმა ნიკა ეგაძემ, რომელმაც ორი ოთხმაგი ნახტომითა და სხვადასხვა სირთულის სამმაგი ნახტომებით შეძლო ჯამში 159,82 ქულის დაგროვება და თავისუფალ პროგრამაში მე-7 პოზიციის ჩვენება, ჯამში კი 210.17 ქულით მე-11 ადგილით დაასრულა ტურნირი. ამასთან, ნიკას მიერ პროგრამის ტექნიკურ ნაწილში მიღებული 89.18 ქულა მეორე შედეგი აღმოჩნდა შეფასების ამ სეგმენტში.

დატოვე კომენტარი