ისტორიული მოგება სადებიუტო მატჩში - საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022 შესანიშნავად დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT
ისტორიული მოგება სადებიუტო მატჩში - საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022 შესანიშნავად დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ზე, რომელიც ნიდერლანდებში მიმდინარეობს, სადებიუტო მატჩი შესანიშნავად ჩაატარა და ბევრად გამოცდილი აზერბაიჯანის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში დამსახურებულად დაამარცხა.

მეტოქეს სამი მთავარი მოთამაშე დააკლდა – მთავარმა მეკარემ, როვშან ჰუსეინლიმ და მცველმა გალომ საქართველოსთან და ესპანეთთან კორონავირუსის გამო ვერ ითამაშეს. ასევე არ იყო მანეკა, რომელიც ტრავმირებულია.

საქართველოს ნაკრები თავიდან უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მე-6 წუთზე ანგარიში აზერბაიჯანელებმა გახსნეს. კონტრშეტევაზე ზუსტად ​ვილელამ დაარტყა – 0:1. მან მალე საჯარიმოდან უძლიერესი დარტყმით დუბლი შეასრულა და მეტოქემ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა მთელი ძალით შეუტია, დიდი უპირატესობა მოიპოვა, სახიფათო მომენტები შექმნა და ელისანდრომ ულამაზესი გოლით სხვაობა შეამცირა – ის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი გოლის ავტორი გახდა. „რა დაასრულა – ეს გოლი მთელი ცხოვრება ემახსოვრება!“ – ასე შეაფასეს უეფა-ს ტვიტერის გვერდზე საქართველოს ნაკრების შემტევის გოლი.

ამის შემდეგაც საქართველოს ნაკრები დიდ უპირატესობას ფლობდა – ელისანდრომ, შაგინიამ, ვილიანმა, თალესმა და რონინიომ სცადეს ანგარიში გათანაბრება, მაგრამ აზერბაიჯანელების მეკარე ემინ კურდოვი შესანიშნავად თამაშობდა და პირველი ტაიმი მეტოქემ 1:2 მოიგო.

აზერბაიჯანელებმა შესვენების შემდეგ თამაში გაათანაბრეს, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა წონასწორობა კონტრშეტევაზე აღადგინა. მოედნის ცენტრში შოთა თოფურიამ ბურთი ჩაჭრა და არჩილ სებისკვერაძეს გადააწოდა, რომელმაც წაქცეულმა მეტოქის კარში მეორე გოლის გატანა მოახერხა – 2:2.

ამის შემდეგ მსაჯი ვალდებული იყო მეტოქის კარში პენალტი დაედო, მაგრამ აშკარად გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო და აზერბაიჯანი დაინდო. თუმცა 32-ე წუთზე აზრბაიჯანელების მცველმა ისევ ხელით ითამაშა და პენალტი დაინიშნა, რომელიც თალესმა უნაკლოდ შეასრულა და საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებს ისტორიულ სადებიუტო შეხვედრაში გამარჯვება მოუტანა – 3:2.

D ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის 20:30 საათზე დაიწყება.

საქართველო – აზერბაიჯანი 3:2

გოლები: 0:1 ვილელა (6), 0:2 ვილელა (7), 1:2 ელისანდრო (10), 2:2 სებისკვერაძე (27), 3:2 თასელი (32. პენალტი)

გრონინგენი (ნიდერლანდები). დარბაზი „მარტინი პლაზა“

საქართველო: კუპატაძე – შაგინია, რონინიო, თალესი, ელისანდრო

სათადარიგოები: ბუკია (მ), ღავთაძე, ვილიან ლოურენსო, თოფურია, კეკელია, თოდუა, სებისკვერაძე, კურტანიძე, ბრუნო პეტრი

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

მსაჯები: სედრიკ პელისიე (საფრანგეთი), დანიელ მატკოვიჩი (შვეიცარია), ნიკოლა იელიჩი (ხორვატია).