ისტორია მეორდება - კვარაცხელიამ „ვიკინგები“ შინ უქულოდ გაუშვა #1TVSPORT
ისტორია მეორდება - კვარაცხელიამ „ვიკინგები“ შინ უქულოდ გაუშვა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებთან 11 ნოემბრის მატჩი შვედებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება იყო: მოგების შემთხვევაში მუნდიალის საგზური ხელის ერთ გაწვდენაზე იქნებოდა. „ვიკინგები“ ბათუმში შემართებით, სამი ქულის მოპოვების იმედით ჩამოვიდნენ.

თუმცა საქართველოს ნაკრებმა გიორგი ლორიას გმირობითა და ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით 2:0 გაიმარჯვა. პარალელურად ესპანეთმა საბერძნეთში 1:0 მოიგო და ბოლო ტურის წინ შვედეთს 1 ქულით გაასწრო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად სკანდინავიელებს ბოლო ტურში ესპანეთში მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ.

მეორეადგილოსანი მუნდილის საგზურის მოსაპოვებლად პლეი ოფს ითამაშებს.

საინტერესოა, რომ ძლიერი მეტოქეებისთვის შესარჩევი ეტაპის ბოლოს საქმის გართულება საქართველოს ნაკრებს სჩვევია. პირველად, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე იტალიის ნაკრებს თბილისში 0:0 ეთამაშა. იტალიელები კი ინგლისს ერთი ქულით ჩამორჩნენ და მუნდიალზე გასასვლელად პლეი ოფში რუსეთთან თამაშმა მოუწიათ. „სკუადრა აძურამ“ რუსული ყინვა დაძლია და მსოფლიოზე ითამაშა.

2007 წელს ქართველებმა შოტლანდია 2:0 დაამარცხეს. ოქტომბერი იყო, რთველის პერიოდი. ქართველებმა მოსავლის აღება ვერ მოახერხეს – ჯგუფიდან ვერ გავიდნენ. შოტლანდიელებს კი საქმე გაურთულეს – სკოტები მესამეზე აღმოჩნდნენ, მეორეადგილოსანმა საფრანგეთმა მხოლოდ ორი ქულით გაასწრო…

სხვებისთვის საქმის გართულება ერთია და ჯგუფიდან გასვლა – მეორე. შვედეთთან ჩვენმა გუნდმა იმდენად კარგად ითამაშა, რომ მომავლის პერსპექტივებზე იმედიანად აგვალაპარაკა. თქვა კიდეც ხვიჩა კვარაცხელიამ – შვედეთთან მოგება მომავალი შესარჩევის წარმატებით დასაწყებად ძალიან მნიშვნელოვანი იყოო.

უახლოესი შესარჩევი 2022 წელს დაიწყება – საქართველოს ნაკრები ევრო-2024-ის საგზურისთვის იბრძოლებს.