ისტორია დაიწერა - გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და სიმბოლურ გუნდშიც დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და წლის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს.

საფრანგეთის ფეხბურთელთა კავშირის (UNFP) მიერ წლის ფეხბურთელის ჯილდოზე ასევე ნომინირებულნი იყვნენ – ვიქტორ ლეკალი („ლე ავრი“), ჯოშ მაია („ბორდო“) და ნილს ნკუნკუ („სენტ-ეტიენი“). ნომინანტები თავად ფეხბურთელებმა აირჩიეს, გამარჯვებული კი სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ 23 წლის ქართველი ფეხბურთელი ლიგა 2-ის წლის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს.

„ლიგა 1-ში დასაბრუნებლად ბოლო ტურში „ბასტიასთან“ მატჩის მოგება დაგვჭირდება. მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბს, რომელიც მენდობა, ასევე იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ხმა მომცეს“, – განაცხადა მიქაუტაძემ დაჯილდოების შემდეგ.

იმავე ცერემონიალზე ლიგა 1-ის საუკეთესო მოთამაშედ „პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების ლიდერი კილიან მბაპე დაასახელეს.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 23 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მიქაუტაძე ბომბარდირთა დავაში კონკურენტს, „კანის“ შემტევს, ალექსანდრ მენდის ოთხი ბურთით ასწრებს.