ისრაელში პარტიამ „ერთობლივი სია“ მთავრობის ფორმირებისთვის მხარდაჭერა ბენი განცს გამოუცხადა, რითაც განცის ბლოკი ბენიამინ ნეთანიაჰუს ჯგუფს სჯობნის
ისრაელში პარტიამ „ერთობლივი სია“ მთავრობის ფორმირებისთვის მხარდაჭერა ბენი განცს გამოუცხადა, რითაც განცის ბლოკი ბენიამინ ნეთანიაჰუს ჯგუფს სჯობნის

ისრაელის უმეტესად არაბებით დაკომპლექტებულმა პარტიამ, „ერთობლივი სია“ მთავრობის ფორმირების პროცესში მხარდაჭერა ბენი განცს გამოუცხადა. ამ ნაბიჯით, ბენი განცის მხარდამჭერთა ბლოკი ბენიამინ ნეთანიაჰუს ჯგუფს სჯობნის. ისრაელის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების დათვლის შემდეგ, „ერთობლივი სია“ მესამე ადგილზე გავიდა და 120-ადგილიან ქნესეთში 13 მანდატი მოიპოვა.

არაბული პარტიის მხარდაჭერით, განცის მემარცხენე ცენტრისტების ბლოკს 57, ნეთანიაჰუს მემარჯვენე ბლოკს კი 55 ადგილი აქვს.

ისრაელის თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ავიგდორ ლიბერმანს, რომლის პარტიამ არჩევნებში რვა მანდატი მოიპოვა, ჯერჯერობით არ გამოუცხადებია, თუ ვის უჭერს მხარს.

ისრაელის პრეზიდენტმა, რუვენ რივლინმა პარტიის ლიდერებთან კონსულტაციები 22 სექტემბერს დაიწყო, რომლის მთავარი ამოცანა იმის გარკვევაა, თუ ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას.