ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა პირველ ნოემბერს დაიწყება
ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა პირველ ნოემბერს დაიწყება

ისრაელში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა პირველ ნოემბერს დაიწყება. კორონავირუსული ინფექციის პოტენციური ვაქცინა ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ზედამხედველობით მომუშავე „ისრაელის ბიოლოგიური კვლევის ინსტიტუტმა“ შექმნა. ვაქცინის ცხოველებზე გამოცდა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18-დან 55 წლამდე 80 მოხალისე სამი კვირის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იქნება იმის გასარკვევად, გამომუშავდება თუ არა ანტისხეული ვირუსის მიმართ. მეორე ეტაპზე, რომელიც დეკემბერში დაიწყება, 960 ადამიანი ჩაერთვება, რომელთა ასაკი 18 წელს ზემოთ იქნება.

წარმატების შემთხვევაში, აპრილ-მაისში დაგეგმილია მესამე, მასშტაბური ეტაპი 30 000 მოხალისის მონაწილეობით. მესამე ეტაპის წარმატებული გამოცდის შემთხვევაში კი, ვაქცინა შეიძლება დამტკიცდეს მასობრივი გამოყენებისთვის.

საერთაშორისო მასშტაბით დამტკიცებული ვაქცინები ჯერ არ არის, მაგრამ რამდენიმე მათგანი გაფართოებული კვლევის ეტაპზეა, მათ შორის, „პფიზერის“, „ჯონსონ ენდ ჯონსონის“, „ასტრაზენეკას“ და „მოდერნას“ ვაქცინები.