ისრაელის უსაფრთხოების მინისტრმა ალ აქსას მეჩეთი მოინახულა და ილოცა, რამაც მუსლიმების უკმაყოფილება გამოიწვია
ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ გვირიმ იერუსალიმში, ალ აქსას მეჩეთი მოინახულა და ილოცა.
როგორც მედია წერს, მინისტრმა ამ ქმედებით დაარღვია მეჩეთის სტატუსკვო, რამაც მუსლიმების უკმაყოფილება გამოიწვია.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა მოგვიანებით გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ისრაელის მხრიდან არ შეცვლილა სტატუსკვოს შეთანხმება.
ამ ადგილას ლოცვა არღვევს დიდი ხნის შეთანხმებას, რომელიც ებრაელებს საშუალებას აძლევს, ეწვიონ ამ ადგილს, მაგრამ არ ილოცონ. რაც შეეხება სტატუსკვოს შეთანხმებას, ის ისრაელსა და იორდანიას შორის მას შემდეგ დაიდო, რაც 1967 წელს ისრაელმა იერუსალიმი დაიკავა. შეთანხმების მიხედვით, ყველას შეუძლია, ეწვიოს ამ ადგილს, თუმცა მეჩეთში ლოცვა მხოლოდ მუსლიმებს შეუძლიათ.
ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი ალ აქსას მეჩეთის ტერიტორიაზე აქამდეც ყოფილა, თუმცა არ ულოცია.