ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში, ალ შიფას საავადმყოფოში რეიდის დროს „ჰამასის“ 20 შეიარაღებული პირი მოკლეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში, ალ შიფას საავადმყოფოში რეიდის დროს „ჰამასის“ 20 შეიარაღებული პირი მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში მდებარე ალ შიფას საავადმყოფოში მიმდინარე რეიდის დროს „ჰამასის“ 20 შეიარაღებული პირი მოკლეს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა საავადმყოფო ტერორისტებისთვის „ხაფანგად“ აქციეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ სამხედრო ოპერაცია დღეს დილით დაიწყო. მათივე ცნობით, ათობით ადამიანი დაკავებულია და ისინი ამჟამად დაკითხვაზე იმყოფებიან.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საავადმყოფოში აღმოაჩინეს იარაღი და ფული, რომელიც „ჰამასისა“ და „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ მიერ თავიანთ ტერორისტებს საავადმყოფოში მიეწოდებოდათ.

სამხედროებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს რეიდი არის კიდევ ერთი ნაბიჯი „ჰამასის“ განადგურებისკენ.

„ადგილი, რომელიც „ჰამასის“ ტერორისტებს ეგონათ, რომ მათი სამალავი და უსაფრთხო თავშესაფარი იყო, სწრაფი იერიშით მაშინვე გახდა შიფაში ტერორისტების სასიკვდილო ხაფანგი. ამით ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით „ჰამასის“ დასამარცხებლად. კიდევ ერთი აგური დავდეთ, კიდევ ერთი დარტყმა განვახორციელეთ. ეს გაგრძელდება და გაძლიერდება, ვიდრე არ გავანადგურებთ „ჰამასის“ დაჯგუფებას“, – განაცხადა გალანტმა.