ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გააგრძელებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვას და, ამავდროულად, მტკიცედ უპასუხებენ მის ნებისმიერ დარღვევას
ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განახლება დაიწყეს.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, გააგრძელებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვას და, ამავდროულად, მტკიცედ უპასუხებენ მის ნებისმიერ დარღვევას.
ამასთან, ღაზის სექტორში 19 ოქტომბერს ისრაელის იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 44-ს მიაღწია. როგორც „ბიბისი“ წერს, გარდაცვალების შემთხვევების ნახევარზე მეტი ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ალ ავადას საავადმყოფოში დაფიქსირდა. მანამდე კი ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ღაზაში ორი ისრაელელი ჯარისკაცი მოკლეს.
ცნობისთვის, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება პარასკევს, 10 ოქტომბერს შევიდა ძალაში, მას შემდეგ, რაც ისრაელი და „ჰამასი“ ტრამპის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმდნენ. 19 ოქტომბერს ისრაელმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეაჩერა. მანამდე კი ისრაელის სამხედრო ძალებმა განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც, ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ათობით ტერორისტულ სამიზნეს შეუტიეს, რისი მიზეზიც, მათივე ცნობით, დაჯგუფების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშად დარღვევა გახდა.