ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ალ ჯაზირას“ ჟურნალისტი, რომელიც ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დაიღუპა, „ჰამასის“ სამხედრო ფრთის აქტიური წევრი იყო
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ ჟურნალისტი, რომელიც ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დაიღუპა, „ჰამასის“ სამხედრო ფრთის აქტიური წევრი იყო.
„დარტყმამდე ჩვენ მივიღეთ სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა, რომ ანას ალ შარიფი „ჰამასის“ სამხედრო ფრთის აქტიური წევრი იყო. გარდა ამისა, ის ხელფასს იღებდა „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფებისა და ტერორისტების მხარდამჭერებისგან“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ნადავ შოშანიმ.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი ამბობს, რომ ოქტომბერში გამოქვეყნებული დოკუმენტებიც ადასტურებს, რომ ანას ალ შარიფი „ჰამასის“ აქტიური წევრი იყო.
შეგახსენებთ, გუშინ ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ ჟურნალისტი დაიღუპა. „ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაღუპულია ცნობილი ჟურნალისტი ანას ალ შარიფი და მისი ოთხი კოლეგა ოპერატორი.