ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ სირიაში ანტისარაკეტო სისტემები დაბომბეს
ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ სირიაში ანტისარაკეტო სისტემები დაბომბეს

ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, მათ სირიაში ანტისარაკეტო სისტემები დაბომბეს მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედრო თვითმფრინავების მისამართით სირიამ რაკეტები გაუშვა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელის იერიშის შედეგად გარდაცვლილია ერთი სამხედრო, ერთი კი დაშავდა.

სირიული მხარე ისრაელის ქმედებებს აგრესიად აფასებს. სირიის ხელისუფლების მონაცემებით, ისრაელის მხრიდან ავიადარტყმა გოლანის მაღლობებთან მომიჯნავე ქუნეითრას პროვინციაზე განხორციელდა.

ისრაელის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავი ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში გეგმურ ფრენას ახორციელებდა, რა დროსაც სირიის ანტისარაკეტო სისტემებიდან მას ცეცხლი გაუხსნეს.

„ჩვენი პოლიტიკა მკაფიოა: ჩვენ არ ვართ მზად, მოვითმინოთ ნებისმიერი სახის აგრესია ჩვენ წინააღმდეგ. ჩვენ ვუპასუხებთ ძალისმიერად და აგრესიულად“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.