ისრაელის სამხედრო უწყებამ ღაზაში პალესტინელი გოგონას, ჰინდ რაჯაბის და 15 სამაშველო და სამედიცინო მუშაკის დაღუპვის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო
ისრაელის სამხედრო უწყებამ ღაზის სექტორში პალესტინელი გოგონას, ჰინდ რაჯაბის და 15 სამაშველო და სამედიცინო მუშაკის დაღუპვის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.
„ბიბისის“ ცნობით, გადაწყვეტილება ისრაელის არმიის ფაქტების დამდგენი მექანიზმის მიერ ჩატარებული მოკვლევების შემდეგ მიიღეს.
ჰინდ რაჯაბი 2024 წლის იანვარში, ღაზაში, ოჯახის წევრებთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა, რომელსაც ისრაელის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნა.
გოგონა რამდენიმე საათის განმავლობაში მანქანაში იყო ჩარჩენილი და დახმარებას ითხოვდა. მის დასახმარებლად გაგზავნილი ორი სასწრაფო დახმარების თანამშრომელიც დაიღუპა.
ამასთან, ცალკე გამოძიება განიხილავს 2025 წლის მარტში რაფაჰში 15 პალესტინელი მედიკოსისა და სამაშველო მუშაკის დაღუპვის შემთხვევას.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალები აღიარებს ცეცხლის გახსნას ჰინდისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ.