ისრაელის პრეზიდენტმა სამთავრობო კოალიციის შექმნა ბენიამინ ნეთანიაჰუს დაავალა
ისრაელის პრეზიდენტმა სამთავრობო კოალიციის შექმნა ბენიამინ ნეთანიაჰუს დაავალა

ისრაელის პრეზიდენტმა, რუვენ რივლინმა სამთავრობო კოალიციის შექმნა ბენიამინ ნეთანიაჰუს დაავალა. ეს ბოლო ხუთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ ხდება. ისრაელის პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკური პარტიები კომპრომისზე უნდა წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდება.

ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირებისთვის 28 დღე აქვს. ვადის გახანგრძლივება მხოლოდ ორი კვირით არის შესაძლებელი. წარუმატებლობის შემთხვევაში, ისრაელის პრეზიდენტს შეუძლია, მთავრობის ფორმირება სხვა პოლიტიკოსს დაავალოს. 120 მანდატიან ქნესეთში თუ 61 დეპუტატი სხვა კანდიდატის ნომინირებას მოახდენს, სწორედ მას ექნება კოალიციის ფორმირების შანსი.

სხვა შემთხვევაში, ისრაელში მიმდინარე წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მესამედ დაინიშნება. 17 სექტემბერს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ბენი განცის პარტიამ, „ლურჯი და თეთრი“ 33 მანდატი მოიპოვა, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიქუდმა“ კი 32.