ისრაელის ნაკრების მწვრთნელი ბენ შიმონი - საქართველოს ეროვნულ გუნდთან ორი ლიდერი დაგვაკლდება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებთან თბილისში გასამართ ამხანაგურ მატჩამდე ისრაელის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ბენ შიმონმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა და არაერთ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის – უსაფრთხოებაზეც.
„ხუთშაბათს ამხანაგურ მატჩში საქართველოსთან ვითამაშებთ. როგორც ყველა, ჩვენც უსაფრთხო გარემოში ვართ და ბოლომდე აქ დავრჩებით. ყოველდღიურ საქმიანობას ვაგრძელებთ. სირთულეების მიუხედავად, ნაკრების წევრებისგან განსაკუთრებული თავდადება თვალსაჩინოა. მათ ერთად ყოფნა სურთ და ეს ძალას გვაძლევს.
უსაფრთხოების მდგომარეობის გამო ისრაელის ჩემპიონატის მატჩები შეჩერებულია. ზოგიერთი ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკის გარეშე ჩამოდის, ამიტომ აქცენტი ლეგიონერებზე გაკეთდება. მანორ სოლომონი ტრავმის გამო ვერ ითამაშებს, ხოლო მოჰამედ აბუ ფანი – პირადი მიზეზების გამო. თუმცა ტრავმის მიუხედავად, ომრი განდელმანი გამოვიძახეთ“, – ამბობს ისრაელის ნაკრების მწვრთნელი.
ისრაელის ერთოვნული გუნდის თბილისში ვიზიტისას უსაფრთხოების მკაცრი ზომები იქნება მიღებული. 26 მარტს გასამართი საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების შეხვედრა „მაღალი რისკის“ მატჩების ნუსხაში შეიტანეს, – ამის შესახებ ქვეყნის მედია იუწყება.
„ისრაელის ეროვნულ ნაკრებს უჩვეულოდ ბევრი დაცვის თანამშრომელი გაჰყვება. თბილისში ნაკრების წევრებს სასტუმროს ტერიტორიის დატოვება აეკრძალათ. შეხვედრის დასრულებისთანავე ისინი ქვეყანას დატოვებენ, ლეგიონერები კი თავიანთ კლუბებს დაუბრუნდებიან“, – წერია Sport5.co.il-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.