ისრაელის დელეგაცია აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლებთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მომდევნო კვირის დასაწყისში გაემგზავრება
ისრაელის დელეგაცია აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლებთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მომდევნო კვირის დასაწყისში გაემგზავრება

ისრაელის დელეგაცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩევლებთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტით მომავალი კვირის დასაწყისში გაემგზავრება. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ეს უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა იქნება მხარეებს შორის მას შემდეგ, რაც 13 აგვისტომ დონალდ ტრამპმა ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ გამოაცხადა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, შეთანხმების ოფიციალურად გაფორმებამდე მხარეებს შორის რიგ საკითხებზე დეტალების განხილვა უნდა მოხდეს, მათ შორის საელჩოების გახსნის, სავაჭრო და სამოგზაურო ურთიერთობების საკითხებზე.

ისრაელის დელეგაციასთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თეთრი სახლის მთავარი მრჩეველი ჯარედ კუშნერი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი რობერტ ობრაიანი და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ავი ბერკოვიცი გაემგზავრებიან.