ისრაელის ავიაიერიშის შედეგად, სირიის არმიის ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა
ისრაელის ავიაიერიშის შედეგად, სირიის არმიის ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა

ისრაელის არმიის მიერ სირიის დაბომბვის შედეგად, სირიის არმიის ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ავიაიერიშების გამო, კიდევ ექვსი ჯარისკაცი დაშავდა.

დაბომბვების შედეგად, ნაწილობრივ დაზიანდა დამასკოს აეროპორტის ინფრასტრუქტურა.

ისრაელმა სირიის ტერიტორია 21 იანვარს, გამთენიისას სამი მიმართულებიდან დაბომბა. სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 30 რაკეტის განეიტრალება შეძლო. ისრაელმა მასშტაბური სარაკეტო დაბომბვა სირიის დედაქალაქში განთავსებული ირანელი სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განახორციელა.

Reuters-ის ინფორმაციით, სხვადასხვა მიმართულებიდან მართვადი რაკეტებით დაბომბვა თითქმის ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამიზნე ირანული ალ-ქუდსის ძალები იყო, რომელიც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დანაყოფია.

„ვაფრთხილებთ სირიის შეიარაღებულ ძალებს, არ სცადოთ ისრაელის სამხედროების ან ტერიტორიისთვის ზიანის მიყენება“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ირანულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიში 20 იანვარსაც მიიტანა, რის შემდეგაც სირიიდან ისრაელის მიმართულებით „მიწა-მიწა“ ტიპის რაკეტა გაუშვეს. რაკეტა ისრაელის თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.

დატოვე კომენტარი