ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში „ჰამასის“ სამხედრო ობიექტების დაბომბვა დაიწყო
ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში „ჰამასის“ სამხედრო ობიექტების დაბომბვა დაიწყო

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში „ჰამასის“ სამხედრო ობიექტების დაბომბვა დაიწყო. გავრცელებული ცნობით, ისრაელმა ღაზის სექტორის მიმართულებით დამატებითი ძალები გაგზავნა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ პასუხი იქნება მწვავე, რომელიც დღეების განმავლობაში გაგრძელდება. სააგენტო „ალ ქუდსის“ ინფორმაციით, ღაზის სექტორის დაბომბვას ცხრა ადამიანი, მათ შორის, სამი ბავშვი ემსხვერპლა.

ისრაელი ინციდენტში მონაწილეობას უარყოფს და აცხადებს, რომ მსხვერპლი თავად პალესტინელების მიერ გაშვებულ რაკეტას მოჰყვა, რომელმაც მიმართულება შეიცვალა. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდირების შესახებ.

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ღაზის სექტორის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო ოპერაციის განხორციელებას მხარი დაუჭირა, თუმცა სახმელეთო შეჭრაზე აქცენტი არ გაკეთებულა. მანამდე ისრაელის მედია წერდა, რომ „ჰამასმა“ იერუსალიმისა და ბეით შემეშის მიმართულებით შვიდი რაკეტა ისროლა.

პარალელურად, პალესტინური დაჯგუფება, „ისლამური ჯიჰადი“ ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან სარაკეტო იერიშების განახლებას გეგმავს.