ისრაელ ადესანია ტიტულის დაცვას 8 მარტს იოელ რომეროს წინააღმდეგ შეეცდება
ისრაელ ადესანია ტიტულის დაცვას 8 მარტს იოელ რომეროს წინააღმდეგ შეეცდება

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის საშუალო წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონის, ისრაელ ადესანიას მომდევნო მეტოქე ცნობილია. ტიტულის დაცვას ნიგერიელი 8 მარტს კუბელი იოელ რომეროს წინააღმდეგ შეეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ესპნ“-ის (ESPN) ჟურნალისტი ბრეტ ოკამოტო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელ ადესანია შერეულ ორთაბრძოლებში ჯერჯერობით დაუმარცხებლად ასპარეზობს. მან ჩემპიონის ქამარი რობერტ ვიტეკერის დამარცხებით მოიპოვა. ლოგიკურად ადესანიას პაულო კოსტასთან უნდა ებრძოლა, თუმცა ასევე დაუმარცხებელმა ბრაზილიელმა ტრავმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ კუბელი ქამრისთვის კარიერაში აქამდე ორჯერ იბრძოდა, თუმცა ორივე შემთხვევაში გამარჯვება ყოფილმა ჩემპიონმა რობერტ ვიტეკერმა მოიპოვა. რომეროს ასევე 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ჭიდაობაში ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული. აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში მას დამარცხებული ჰყავს ლუკ როკჰოლდი, კრის ვაიდმანი და ლიოტო მაჩიდა.