ისევ საბას დროა - ლობჟანიძის პასი „კარაგუმრუკთან“ [ვიდეო] #1TVSPORT

საბა ლობჟანიძემ თურქეთის ჩემპიონატში მორიგი საგოლე გადაცემა შეასრულა, მაგრამ ამით „ჰატაისპორს“ მოგებაში მაინც ვერ დაეხმარა.

თურქეთის სუპერლიგის მე-10 ტურში საქართველოს ნაკრების შემტევის გუნდი გასვლაზე „კარაგუმრუკს“ დაუპირისპირდა, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც არჩილ არველაძეა და რომლის ღირსებასაც ვატო არველაძე იცავს. თუმცა, ტრავმის გამო ის განაცხადში ვერ მოხვდა. საბა „ჰატაისპორის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს.

შეხვედრა სტუმრებისთვის კარგად წარიმართა და 30 წუთზე ანგარიში გახსნეს. საბა ლობჟანიძემ საჯარიმოსთან მამე დიუფისგან ბურთი მიიღო და მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შევარდნილმა კარის წინ აიუბ ალ კააბი მონახა, რომელმაც საგოლე გადაცემა გოლად აქცია.

8 წუთში „კარაგუმრუკის“ სერბმა თავდამსხმელმა ალეკსანდერ პეშიჩმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა „ჰატაისპორში“ უკვე 9 მატჩი ჩაატარა და 3 გოლთან ერთად, 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ფაქტობრივად, ქართველი ყველა შეხვედრაში სასარგებლო მოქმედებით გამოირჩევა. მისი გუნდი კი 20 ქულით სუპერლიგაში მეორე ადგილზეა და „ტრაბზონს“ (24) ჩამორჩება.

დატოვე კომენტარი