ისევ კაჭარავასა და არაბიძის გოლებით - „ტორპედომ“ მეორე ადგილზე გადაინაცვლა #1TVSPORT
ისევ კაჭარავასა და არაბიძის გოლებით - „ტორპედომ“ მეორე ადგილზე გადაინაცვლა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში „გაგრას“ უმასპინძლა და, ცუდი დასაწყისის მიუხედავად, სამი ქულის მოპოვება შეძლო – 3:1.

სამტრედიაში გამართულ შეხვედრაში ანგარიში „გაგრამ“ მე-2 წუთზე გახსნა – ზურაბ მუსელიანის შესანიშნავი დრიბლინგისა და პასის შემდეგ ქუთაისელთა კარში გოლი იდირ ბუტრიფმა გაიტანა.

„ტორპედომ“ ანგარიში სწრაფად გაათანაბრა. ქუთაისელებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, რომელიც მარცხენა ფლანგზე გიორგი არაბიძემ განავითარა და საჯარიმოში ნიკა კაჭარავა მონახა, რომელმაც ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა – 1:1. კაჭარავამ მე-40 წუთზე დუბლიც შეასრულა და „ტორპედო“ დააწინაურა.

48-ე წუთზე თავის გამოჩენა გიორგი არაბიძემაც მოახერხა – აკაკი შულაიამ გადაცემა ჩაჭრა და „ტორპედოს“ შემტევი მეკარესთან პირისპირ დატოვა, მან კი შანსი გოლად აქცია. ამ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებში ნათამაშები არაბიძე და კაჭარავა ფორმაში შედიან და „ტორპედოსთვის“ მნიშვნელოვან მოთამაშეებად ყალიბდებიან.

ოთხი ტურის შემდეგ „ტორპედომ“ 8 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, „გაგრა“ კი 1 ქულით ბოლო ადგილზეა.