ისააკ ჰერცოგი - მძევლების გათავისუფლება გვანიჭებს ბედნიერებას, მაგრამ ბედნიერებას მწუხარება სდევს თან, რადგან „ჰამასის“ ტყვეობაში ჯერ კიდევ 200 მძევალია
ისააკ ჰერცოგი - მძევლების გათავისუფლება გვანიჭებს ბედნიერებას, მაგრამ ბედნიერებას მწუხარება სდევს თან, რადგან „ჰამასის“ ტყვეობაში ჯერ კიდევ 200 მძევალია

მძევლების გათავისუფლება გვანიჭებს ბედნიერებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბედნიერებას დიდი მწუხარება სდევს თან, რადგან „ჰამასის“ ტყვეობაში ჯერ კიდევ 200 მძევალია, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჰერცოგმა აღნიშნა, რომ თავდაპირველ შეთანხმებაში გათვალისწინებული იყო ცეცხლის შეწყვეტის დამატებითი დღე ყოველი ათი გათავისუფლებული მძევლისთვის, მაგრამ მან ასევე აღნიშნა, რომ „ჰამასის“ გადასაწყვეტია მეტი მძევლის გათავისუფლება.

„მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში „ჰამასი“ უფრო და უფრო მეტ მძევალს გაათავისუფლებს და სანაცვლოდ ისინი უფრო და უფრო მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ“, – განაცხადა ჰერცოგმა.

მისი თქმით, ისრაელს ექნება გარკვეული როლი ომის შემდგომ ღაზაში. ისრაელის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ „ამ ადგილის უსაფრთხოება და კეთილდღეობა, რაც ნიშნავს ტერორთან ბრძოლას, კანონისა და წესრიგის აღსრულებას, განსჯას და ა.შ. დარჩება ისრაელის ხელში, ვიდრე არ იქნება შეთანხმება“.

„არ გამოვრიცხავ არცერთ ვარიანტს, რომელიც შეიძლება, გადაიხედოს. მე ნამდვილად პატივს ვცემ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კომენტარს ამის შესახებ და ყოველთვის მჯეროდა მშვიდობისკენ წინსვლის შესაძლებლობის, მაგრამ უნდა ვთქვა გულწფელად, რომ ჩვენ უნდა შევხედოთ რეალობას და თავისუფლად ვთქვათ, უზრუნველყოფს თუ არა ეს გამოსავალი ისრაელელების, ისევე როგორც, რა თქმა უნდა, ჩვენი პალესტინელი მეზობლების კეთილდღეობასა და მშვიდობიან არსებობას?“ – განაცხადა ჰერცოგმა.

ისრაელის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ირლანდიის პრემიერ-მინისტრის განცხადება.

„მე ვნახე ლიდერი გამორჩეული ევროპული ქვეყნიდან, რომელმაც „ტვიტერში“ ერთ-ერთი გოგონას გათავისუფლების შესახებ დაწერა და თქვა, რომ ის იყო დაკარგული და მადლობა ღმერთს, რომ სახლში დაბრუნდა. არა. ის არ იყო დაკარგული. ის გაიტაცეს ყველაზე უარესმა ტერორისტებმა, რაც კაცობრიობას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უნახავს“, – აღნიშნა ჰერცოგმა.

მანამდე ირლანდიის პრემიერმა, ლეო ვარადქარმა განაცხადა, რომ გათავისუფლებულთა შორის იყო ცხრა წლის გოგონა, ირლანდიისა და ისრაელის ერთობლივი მოქალაქეობით, ემილი ჰენდი. ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მისი გათავისუფლების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ „უდანაშაულო ბავშვი, რომელიც დაკარგული იყო, ახლა იპოვეს და დაბრუნდა“.