ისააკ ჰერცოგი - ისრაელს არ შეუძლია, დატოვოს ვაკუუმი ღაზაში
ისააკ ჰერცოგი - ისრაელს არ შეუძლია, დატოვოს ვაკუუმი ღაზაში

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ ისრაელს არ შეუძლია, დატოვოს ვაკუუმი ღაზაში და, „ჰამასის“ ხელახალი გაჩენის თავიდან ასაცილებლად, უახლოეს მომავალში ღაზაში ძლიერი ძალების შენარჩუნება მოუწევს.

„თუ ჩვენ უკან დავიხიეთ, მაშინ ვინ ჩაიგდებს ღაზას ხელში? ჩვენ ვერ დავტოვებთ ვაკუუმს. უნდა ვიფიქროთ, როგორი იქნება მექანიზმი. ბევრი იდეაა, მაგრამ არავის მოუნდება ამ ადგილის, ღაზის ტერორისტულ ბაზად გადაქცევა“, – განაცხადა ჰერცოგმა.

მისი თქმით, ისრაელის მთავრობა განიხილავს ბევრ იდეას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმართოს ღაზის სექტორი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დასრულების შემდეგ. ჰერცოგმა აღნიშნა, რომ, მისი ვარაუდით, აშშ და ისრაელის მეზობლები რეგიონში იქნებიან გარკვეულად ჩართულნი პოსტკონფლიქტურ ვითარებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნათლად განუცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა ერთადერთი პასუხია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოსაგვარებლად და რომ ღაზის ოკუპაცია იქნება „დიდი შეცდომა“.