ირმა ხეცურიანის მეთოთხმეტე ოქრო
ირმა ხეცურიანის მეთოთხმეტე ოქრო

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გრძელდება მსოფლიო თასის გათამაშება ეტლით ფარიკაობაში. დღეს შეჯიბრში ხმლით მოფარიკავეები ჩაებნენ.

„ბ“ კატეგორიაში ირმა ხეცურიანმა წარმატებით დაძლია ჯგუფური ეტაპი და პლეიოფში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ნახევარფინალში მოსახვედრად ის პარალიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს, ტაილანდელ ჯანა სეისუნის დაუპირისპირდა და ანგარიშით 15:8 დაამარცხა. ამავე შედეგით გადალახა ხეცურიანმა ჩინელი შუმეი ტანის ბარიერი და ფინალში გავიდა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ქართველი სპორტსმენის მეტოქე უკრაინელი ოლენა ფედოტა იყო. შეხვედრამ დაძაბულად ჩაიარა და ხეცურიანის გამარჯვებით, ანგარიშით 15:10 დასრულდა. ეს ირმასთვის მსოფლიო თასებზე მეთოთხმეტე ოქროს მედალია.