ირმა ხეცურიანი - ამხელა მხარდაჭერა, ახლა რომ აქვს პარასპორტს, არასოდეს ჰქონია
ირმა ხეცურიანი - ამხელა მხარდაჭერა, ახლა რომ აქვს პარასპორტს, არასოდეს ჰქონია

მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიო თასის 15-გზის გამარჯვებული ეტლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანი პარასპორტში არსებულ ვითარებაზე და პარაოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერაზე წერს:

„ვარჯიში ხუთი წლის წინ დავიწყე – ეს ყველამ არ იცის. ამ ხუთ წელიწადში 16 ოქრო მოვიპოვე – არც ეს იცის ბევრმა. ვარ მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიო თასის 15-გზის გამარჯვებული. ევროპაზეც ხომ მაქვს მედლები, და მარტო მე ხომ არ ვარ წარმატებული. ისტორიაში პირველად გვყავს პარალიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები – სულ 19 სახეობაში. საქართველოში პირველად ჩატარდა ისეთი რანგის ღონისძიება, როგორიც არის მსოფლიო თასის გათაშება პარაფარიკაობაში. სწორედ ამ გუნდმა შეძლო ეს და ამ გუნდმა ჩამოიყვანა პირველად საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. ეს ასე უბრალოდ არ ხდება, შრომას მოაქვს. მანამდე რომ მარტო ორი სახეობა იყო პარასპორტში და ახლა ამდენია, 200-ზე მეტი პარასპორტსმენი და მწვრთნელები რომ არიან ჩართული და ამდენი წარმატება რომ გვაქვს, ამ წარმატებებს ხელის შეწყობის გარეშე როგორ მივაღწევდით?! ასეთი მხარდაჭერა, ახლა რომ აქვს ქართულ პარასპორტს, არასოდეს ჰქონია. გვავარჯიშებენ საუკეთესო მწვრთნელები, შეკრებებს გავდივართ ყველაზე კარგ ბაზებზე, ჩვენც ვშრომობთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საკუთარი ქვეყნის სახელი შორს გავიტანოთ, ავაჟღეროთ ჰიმნი, ავაფრიალოთ დროშა და გაგახაროთ თქვენ – ჩვენი გულშემატკივარი. წინ გვაქვს არაერთი ჩემპიონატი და პარალიმპიური თამაშები. გვინდა, ამისთვის მოვემზადოთ მშვიდად, ამიტომ ნუ შეგვიქმნით ხელოვნურად დაბრკოლებებს გარედან და ნუ ცდილობთ, გააჩინოთ დაპირისპირება სპორტსმენებს შორის. გვაცადეთ, ვაკეთოთ ჩვენი საქმე. პატივისცემით, მსოფლიო ჩემპიონი ირმა ხეცურიანი“, – წერს სოციალურ ქსელში ირმა ხეცურიანი.