ირმა ინაშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ შეხვედრაზე შეკრებილებს სპეციალური რეზოლუცია გააცნო
ირმა ინაშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ შეხვედრაზე შეკრებილებს სპეციალური რეზოლუცია გააცნო

პარტია „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისში, სპორტის სასახლეში შეკრება გამართა. შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.

ამასთან, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სპეციალური რეზოლუცია გააცნო.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიმართვა“ საქართველოს მოქალაქეებისგან – ჩვენ, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრები და მხარდამჭერები წლების მანძილზე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღადგინოს სამართლიანობა და დასაჯოს დამნაშავეები. ნაცვლად ამისა, ქართული ოცნება 2012 წლიდან დღემდე პოლიტიკურ ველზე მიზანმიმართულად აცოცხლებს და აწინაურებს სააკაშვილ-ბოკერიას „ნაცმოძრაობას“.

„ქართული ოცნება“ ხელოვნურად აღიარებს მთავარ ოპოზიციურ ძალად სწორედ სააკაშვილ-ბოკერიას პარტიას, რომლებსაც არც ხალხის მხარდაჭერა აქვთ, არც რეიტინგი, არც მორალური უპირატესობა, რაც მთავარია და არც პერსპექტივა და არავითარი რევოლუციის მოწყობა ამ ხალხს არ ძალუძს.

„ქართული ოცნება“ იყენებს მართვის რომის იმპერიის მეთოდებს და ამ განცხადებაში ახსნილია ეს მეთოდი. ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი, ხელისუფლებას ამ მეთოდის მიხედვით მუდმივად სჭირდება ბოროტი ოპოზიცია, ბოროტი ჯგუფები. ამიტომ, ჩვენ დღეს ვამბობთ ამ განცხადებით, ჩვენი, დღევანდელი შეკრების მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, დაიწყოს დამნაშავეების დასჯა, ბოლოს და ბოლოს, დამთავრდეს პოლიტიკური სპექტაკლები“, – აღნიშნულია რეზოლუციაში, რომელსაც შეხვედრის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს.