ირმა ინაშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა
ირმა ინაშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატთან, კახა ძაგანიასთან ერთად ბუკიას ბაღში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. მათ მოსახლეობას პარტიის გეგმები გააცნეს.

„გვჭირდება სწრაფი, ეფექტური გეგმა, როგორ უნდა ამოვიდეთ სიღარიბიდან. ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა. მე ამ პროექტს ვუწევ პოპულარიზაციას მთელ საქართველოში. ეს ითვალისწინებს წვრილი საოჯახო ბიზნესის შექმნას. თუ ქვეყანაში არ შეიქმნა საშუალო ფენა, ჩვენ ვერ ამოვალთ სიღარიბიდან, რადგან ადამიანი ერთხელ რომ ჩავარდება სიღარიბეში, თუ ვერ ამოიყვანა სახელმწიფომ, არ დაეხმარა, მაშინ ეს სიღარიბე ღრმავდება. ახლა ჩვენ გადასული ვართ ქრონიკული სიღარიბის სტადიაში. ამიტომ, სწრაფი გეგმა გვინდა, ეფექტური გეგმა და ჩვენ ასეთი გეგმა გვაქვს სწორედ წარმოდგენილი. ეს არ არის მხოლოდ დახმარება, ჩვენი გეგმის თანახმად, უნდა შეიქმნას სახელმწიფო სააგენტო, რომელიც დაეხმარება კონკრეტულ ოჯახს, ააწყოს მისი ბიზნესი, წვრილი ბიზნესი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილმა ისაუბრა პარტიის მიერ სამი ოქტომბრისთვის დაგეგმილ აქციაზეც.

„პატრიოტთა ალიანსს სამ ოქტომბერს დაგეგმილი აქვს აქცია თავისუფლების მოედანზე. ჩვენ ვიკრიბებით, რათა საზოგადოებას ვუთხრათ რამდენიმე მთავარი სათქმელი. პირველ რიგში, ეს ეხება სამართლიანობის აღდგენის საკითხს, მაგრამ ჩვენ აღარ ვლაპარაკობთ მხოლოდ ცხრა წელზე, რაც იყო; ჩვენ ვლაპარაკობთ მმართველობის რვა წელზე, რომელმაც ისე ჩაიარა ჩვენს თვალწინ, რომ არ დასაჯა დამნაშავეები. ამიტომ, ჩვენ დღეს ვამბობთ უკვე, რომ კოჰაბიტაციამ დაბადა ახალი ჰიბრიდი, ეს არის სააკაშვილი, ბოკერია, კობახიძე. გაჩნდა უკვე ახალი ჰიბრიდი და ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა უკვე ამ ჰიბრიდის წინააღდეგ. ვინმეს თუ ჰგონია, რომ მე მხოლოდ ცხრა წელზე ვლაპარაკობ, ძალიან ცდება. მე ვლაპარაკობ უკვე „ქართული ოცნების“ ელიტის იმ ნაწილის დასჯაზეც, რომელმაც ხელი დააფარა დამნაშავეებს და არ დასაჯა. მეორე გზავნილი ეს არის პირდაპირი დიალოგი ცხინვალთან, სოხუმთან, მოსკოვთან და მთავარი, რომ დავიწყოთ შერიგების პროცესი, რაც არის გარდაუვალი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.