ირმა ინაშვილი - ვმოქმედებთ დამოუკიდებლად, ოპოზიციის დაანონსებულ აქციას არ შევუერთდებით, ჩვენ გვაქვს ჩვენი აქცია შაბათს
ირმა ინაშვილი - ვმოქმედებთ დამოუკიდებლად, ოპოზიციის დაანონსებულ აქციას არ შევუერთდებით, ჩვენ გვაქვს ჩვენი აქცია შაბათს

ვფიქრობ, მთელი საქართველოსთვის ნათელია, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა.

„ვფიქრობ ასევე, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეებსაც კი ესმით, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ვერანაირ გარემოებაში ვერ აიღებდა ასეთ დაბალ პროცენტს, ანუ სამ პროცენტს. უახლოეს დღეებში ჩვენ ყველა საარჩევნო უბნის მიხედვით – 3 700-ზე მეტი უბანია, დავასახელებთ ბიულეტენების რაოდენობას, რაც ხელისუფლებამ სამარცხვინოდ მოგვპარა. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტი ლეგიტიმური ვერ იქნება, თუ მასში 100 დეპუტატზე მეტის უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი. უკვე დღეს ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაიყვანს პარლამენტში 91 დეპუტატზე მეტს. სრულიად ნათელია, რომ ყველამ თქვა უარი გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებაზე და პარლამენტში შესვლაზე.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ცალსახად და საჯაროდ აცხადებს, რომ უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებაზე და პარლამენტში შესვლაზე და მოვითხოვთ, „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნოს ხელმეორე არჩევნები“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, პარტია იწყებს საპროტესტო კამპანიას და ეს იქნება უწყვეტი ფართომასშტაბიანი აქციები, ვიდრე ხელისუფლება არ დანიშნავს ხელახალ არჩევნებს.

„7 ნოემბერს, შაბათს საღამოს, ხუთ საათზე ჩვენ ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ჩვენ ყველა მხარდამჭერს მოვუწოდებთ, გადავიდეთ ბრძოლის ახალ ეტაპზე, გადავიდეთ უწყვეტი საპროტესტო აქციების რეჟიმზე, რათა დავიცვათ ჩვენი ხმები, დავიცვათ ქართველი ხალხის არჩევანი, დავიცვათ ქვეყანა უზნეო და უსინდისო გამყალბებლებისგან. აქვე, მინდა ვუთხრა ყველას და, პირველ რიგში „ქართულ ოცნებას“, რომ ამ გზაზე არ იქნება არანაირი დათმობა. მკაფიოდ ვამბობთ, რომ ჩვენ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ვმოქმედებთ დამოუკიდებლად, გვაქვს ჩვენი მოქმედების დამოუკიდებელი სტრატეგია და ტაქტიკა“, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

ინაშვილი აკონკრეტებს, რომ მათი პარტია ოპოზიციის მიერ კვირას დაანონსებულ აქციას არ უერთდება.

„ჩვენ არ შევუერთდებით ოპოზიციის უკვე დაანონსებულ აქციას. ჩვენ გვაქვს ჩვენი აქცია შაბათს, 7 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე და ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, ვაჩვენოთ არჩევნების გამყალბებელ ხელისუფლებას, რამდენი ვართ. ეს იქნება უწყვეტი პერმანენტული აქციები. ჩვენ მივაღწევთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.