ირმა ინაშვილი - ვფიქრობ, მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ და პარლამენტის წინ კარვებიც მშვიდობიანად უნდა აიკეცოს
ირმა ინაშვილი - ვფიქრობ, მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ და პარლამენტის წინ კარვებიც მშვიდობიანად უნდა აიკეცოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ვარაუდობს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ. როგორც ჟურნალისტებს ინაშვილმა განუცხადა, არ აქვს საფუძველი, სარწმუნოდ არ მიიღოს ინფორმაცია, რაც დახურულ სხდომაზე ამ საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისგან მიიღეს.

„ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ და ძალიან ბევრ ეპიზოდზე სიღრმისეული განმარტებები მივიღეთ. დარბაზში არც ერთ დეპუტატს კითხვა აღარ დარჩა, პანკისში ამ თემასთან დაკავშირებით რა მოხდა. სამწუხაროდ, უფლება არ მაქვს, ყველა ფაქტზე დეტალურად ვისაუბრო. ის, რომ ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ ტერორისტულ ჯგუფს, ამ ჯგუფის წევრები გეგმავდნენ სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს და ეს იყო ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი, ამის დამადასტურებელი მასალები ვიხილეთ, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით.

თუ დღეს გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა დამტკიცდება და ეჭვქვეშ რომ იყოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას არ გაავრცელებდა, მაშინ საქმე გვაქვს მძიმე დანაშაულთან. ეს მოულოდნელი არ იყო, რადგან იყო საუბარია არაერთ ფაქტზე, რომელიც ხსნიდა და ადასტურებდა საქართველოში ტერორისტული ჯგუფის საქმიანობას.

ვფიქრობ, მაჩალიკაშვილს დააკავებენ. ვფიქრობ, რომ პარლამენტის წინ კარვებიც მშვიდობიანად უნდა აიკეცოს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა დღესვე მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.