ირმა ინაშვილი - ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა კონკრეტულად ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა
ირმა ინაშვილი - ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა კონკრეტულად ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა

როცა ხელისუფლება აკეთებს კარგ საქმეს და მან შეიტანა წვლილი წინა პერიოდში ვაჟა გაფრინდაშვილის თემასთან დაკავშირებით, მაგრამ დღევანდელ დღე, უშუალოდ მისი გათავისუფლება უკავშირდება ჩვენს შრომას, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„საერთოდ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ურთიერთდაფასება და უნდა ვისწავლოთ სიმართლის ხმამაღლა თქმა. ახლა მე ამას ხელისუფლების საყურადღებოდ ვამბობ. დღევანდელი დღე რომ შედგა, ამაში, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა კონკრეტულად ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, დავით თარხან-მოურავმა, მე და ჩვენმა ძალისხმევამ, რადგან ხელისუფლება ვეღარაფერს აკეთებდა. კი მუშაობდა, მიმართა მთელ მსოფლიოს, გაააქტიურა მისი კონტაქტები, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მას აღარ ჰქონდა არავითარი ინფორმაცია, რომ დღეს გაათავისუფლებდნენ ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს. ამიტომ, ხომ უნდა ვთქვათ სიმართლე ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არ გაგვიჩერებია ძალისხმევა, რომ შემდგარიყო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება.

მთელი ღამე არ მეძინა, თეთრად გავათენე, რადგან ვიცოდი მხოლოდ მე და არ იცოდა ხელისუფლებამ. მე რომ მივედი დილით ერგნეთის გამშვებ პუნქტზე, მაშინ დაიწყეს საპატრულო პოლიციამ, სუს-მა და სხვადასხვა სტრუქტურებმა მოძრაობა. მე მივიღე ზუსტი ინფორმაცია, როდის მოვიდა ბატონი ვაჟა, როდის გათავისუფლდა, როდის მოვიდა უკვე ჩვენთან და როდის იყო ის თავისუფალი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, ასევე ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი იყო მხნედ, ჯანმრთელად.

„ყველაზე დიდი ბედნიერება არის, რომ დღეს ბატონი ვაჟა თავისუფალია და ასეთი გახარებულია ქართველი ხალხი. დეტალებს რაც შეეხება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვმუშაობდით ჩვენი არხებით. იცით, რომ ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები ხვდებიან რუს დეპუტატებს, რუსეთის დუმის დეპუტატებს, ვმუშაობდით მათთან და დიახ, რუსული მხარის შუამდგომლობის შედეგად მოხდა დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება.

ჩვენ ვაწარმოებდით ამ შრომას, დიდ შრომას და დიდ მუშაობას ჩვენს კოლეგებთან, რომლებსაც საჯაროდ ვხვდებით სხვათა შორის და არის დიალოგის ფორმატი. დღეს კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირდაპირ დიალოგს, პირდაპირი კომუნიკაცია, პირდაპირი დიალოგი არის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტი იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, დღეს გაათავისუფლეს.