ირმა ინაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ იყო დანაშაულებრივი რეჟიმი და ნუ გვეშინია, ეს აისახოს პარლამენტის რეზოლუციაში
ირმა ინაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ იყო დანაშაულებრივი რეჟიმი და ნუ გვეშინია, ეს აისახოს პარლამენტის რეზოლუციაში

თუ ამდენი დანაშაული ჩაიდინეს, ამდენი აქცია დაარბიეს, ამდენი კაცი ქუჩაში მოკლეს, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო დანაშაულებრივი რეჟიმი და ნუ გვეშინია, ეს აისახოს საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაში, ჩვენ ასახული გვაქვს ეს პროექტში და კარგი იქნება, თუ ამას მხარდაჭერა ექნება, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროს ირაკლი ნადარეიშვილს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ამავე დეპარტამენტის ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

„არ მინდა, ჩვენს რეზოლუციასთან დაკავშირებული საკითხი სხვა ჭრილში წარიმართოს და მსჯელობის სხვა სივრცეში გადავიდეთ. მეჩვენება, რომ ახლა ამ ტენდენციას აქვს ადგილი, გულახდილად გეუბნებით. ხელისუფლებისა და „ოცნების“ წარმომადგენლები გვიმტკიცებენ, რომ კარგად მუშაობთ, ეს დოკუმენტაციაც ამაზე მეტყველებს, რაც დღეს აქ არის წარმოდგენილი, რომ მიდის საქმეების ძიება, რომ არაერთ საქმეზე განაჩენიც დადგა, უამრავი საქმეა რომელზეც დადგება განაჩენი. ძალიან კარგი, მივესალმებით ჩვენ ამას, მაგრამ ეს კავშირში არ არის ჩვენს რეზოლუციასთან, პირდაპირ კავშირში, მაგრამ კავშირი იცით რაშია? – რაზეც ბატონი ირაკლი საუბრობს, რომ ამდენი საქმე იყო განხილული, მისი დეპარტამენტის მიერ, ესეც ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობა იყო პოლიტიკური რეჟიმი. ამდენი ქონების წართმევა, ბიზნესის დატერორება, ეს ფაქტები გამოძიებული აქვს ბატონ ირაკლის. კარგია, რომ დაერთვება ეს რეზოლუციას, ჩვენი რეზოლუციის მოთხოვნას ეს ყველაფერი ამყარებს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტმა თავის დროზე მიიღო დადგენილება, რომელმაც დაადასტურა პოლიტპატიმრების არსებობა ამ ქვეყანაში, მიიღო დადგენილება, რომელმაც დაადასტურა წამების ფაქტების არსებობა ამ ქვეყანაში.

„ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება მისცა იმ პერიოდის მმართველობას და ჩვენი რეზოლუცია სწორედ ამას ითვალისწინებს, რომ თუ ამდენი ქონება წაართვეს, რასაც იძიებს ბატონი ირაკლი, თუ ამდენი დანაშაული ჩაიდინეს, თუ ამდენი აქცია დაარბიეს, ამდენი კაცი ქუჩაში მოკლეს, მაშინ ეს იყო დანაშაულებრივი რეჟიმი და ნუ გვეშინია, რომ ეს აისახოს საქართველოს პარლამენტის ამ რეზოლუციაში. ჩვენ ასახული გვაქვს ეს პროექტში და კარგი იქნება, თუ ამას მხარდაჭერა ექნება. ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ თავის გასამართლებას რომ მხარს არ დაუჭერს და ბოკერია, გასაგებია, მაგრამ კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ამაში არ დაეხმარება არც სააკაშვილის და არც ბოკერიას პოლიტიკურ ჯგუფს.

კიდევ ერთი თემა, ჩვენს რეზოლუციას თან ახლავს საქართველოს მოქალაქეების სამასი ათასი ხელმოწერა, ეს მასშტაბური ხელმოწერის პროცესი მიმდინარეობს მთელს ქვეყანაში, ანუ მარტო ირმა ინაშვილი და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ არ ლაპარაკობს იმაზე, რომ ეს რეზოლუცია იყოს მხარდაჭერილი საქართველოს პარლამენტის მხრიდან, ეს არის იმ სამასი ათასი მოქალაქის სურვილი, რომელიც უერთდება თავისი იდენტიფიცირებული მონაცემებით ჩვენს რეზოლუციას“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ფრაქცია „პატრიოტებმა“ მოამზადეს რეზოლუცია – „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“. დოკუმენტი, რომელსაც 300 ათასი მოქალაქე აწერს ხელს, ფრაქციამ პარლამენტს წარუდგინა. მასში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა დანაშაულზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ უნდა დაეკისროთ.