ირმა ინაშვილი - სააკაშვილი-ბოკერიას მმართველობას უნდა მიეცეს სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება და დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი
ირმა ინაშვილი - სააკაშვილი-ბოკერიას მმართველობას უნდა მიეცეს სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება და დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი

სააკაშვილი-ბოკერიას მმართველობას უნდა მიეცეს სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება და დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი,​ – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა. ინაშვილის თქმით, პარლამენტი წარსულში მიღებულ ორ დადგენილებას უნდა დაეყრდნოს.

„საქართველოს პარლამენტს უახლოეს წარსულში ორი მნიშვნელოვანი დადგენილება აქვს მიღებული. ერთი დადგენილება, რომელიც ადასტურებს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის პერიოდში პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების არსებობას, მეორე – რომელიც 2016 წლის 10 ივნისს არის მიღებული, ადასტურებს, რომ ქვეყანაში იმ პერიოდში ადგილი ჰქონდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი, ეს იყო ორგანიზებული მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ და ამას არ აშუქებდა მედია.

ჩვენ ვამბობთ, რომ დაეყრდნოს საქართველოს პარლამენტი ამ ორ დადგენილებას და მივიღოთ ახალი რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს, მიეცეს სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება სააკაშვილი-ბოკერიას მმართველობას და დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი. არ შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში იყოს მუდმივად პოლიტიკური განურჩევლობა. თუ შენ იყავი იმ რეჟიმის ორგანიზატორი, რომელიც აწამებდა ადამიანებს, ართმევდა ქონებას, არბევდა მედიას, არბევდა დემონსტრაციებს, შენ აღარ უნდა გქონდეს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების უფლება და უნდა აგო პასუხი.

ჩვენ ამ რეზოლუციით ვგმობთ ზუსტად იმას, რომ მიეცეს სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება, ეს იყო რეჟიმი და მეორეს მხრივ ამ რეჟიმის ორგანიზატორებმა აგონ პასუხი, სამართლებრივ დონეზე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, აქვთ თუ არა ფრაქცია „პატრიოტების“ წევრებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის იმედი.

„რატომ უნდა მქონდეს „ქართული ოცნების“ იმედი. წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ აცოცხლებდა ბოკერიებს, პოლიტიკური ოპონირების საშუალებას აძლევდა, გადაარჩინა ეს დამნაშავე პოლიტიკოსები. თავის დროზე, „ქართულ ოცნებას“ სამართლიანობის აღდგენის თემაზე დაპირება რომ შეესრულებინა, მაშინ პარლამენტში ჩვენ არ ვიხილავდით არც ბატონ ტუღუშს, რომელმაც მთელი მტკიცებულებები გაიტაცა სასჯელაღსრულების სისტემიდან 2012 წელს და არ ვიხილავდით პარლამენტში არც ბატონ ბოკერიას, რომელიც ციხის ბუნტის ერთ-ერთი ფიგურანტია და „ნაცმოძრაობის“ კიდევ სხვა წარმომადგენლებს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ფრაქცია „პატრიოტებმა“ მოამზადეს რეზოლუცია – „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“. დოკუმენტი, რომელსაც 300 ათასი მოქალაქე აწერს ხელს, ფრაქციამ პარლამენტს წარუდგინა. მასში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა დანაშაულზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ უნდა დაეკისროთ.