ირმა ინაშვილი - რაღაც ფობიები დაგემართათ - ის რას იტყვის, ეს რას იტყვის, ქართველი ხალხი რას იტყვის, ეს უნდა იყოს თქვენთვის მთავარი
ირმა ინაშვილი - რაღაც ფობიები დაგემართათ - ის რას იტყვის, ეს რას იტყვის, ქართველი ხალხი რას იტყვის, ეს უნდა იყოს თქვენთვის მთავარი

რაღაც ფობიები დაგემართათ – ის რას იტყვის, ეს რას იტყვის, ქართველი ხალხი რას იტყვის, ეს უნდა იყოს თქვენთვის მთავარი, – ამის შესახებ ირმა ინაშვილმა პრემიერ-მინისტრობისა და მთავრობის კანდიდატებთან ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ შეხვედრაზე განაცხადა.

ირმა ინაშვილმა ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არ უჭერენ ისინი მხარს მთავრობის ახალ შემადგენლობას.

„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თქვენი ქმედებებიდან არ ჩანს პატივისცემა თქვენი კოლეგებისადმი, იგივე ჩვენდამი. არ ჩანს პატივისცემა იმ კონტექსტში, რომ როდესაც ცვლილებებს აპირებთ, პირდაპირ და მოდიხართ და გვეუბნებით, ჩვენ ვცვლით მთავრობას, ეს შემადგენლობა იქნება, ეს პროგრამა და დაგვიჭირეთ მხარი. ამიტომ არ გიჭერთ ჩვენ მხარს, რომ პოსტ ფაქტუმ ხდება ჩვენი ინფორმირება და არა როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში, როგორც მანამდე. მთავრობა შესაძლო ცვლილებების შესახებ ესაუბრება არა მარტო პოლიტიკურ სპექტრს, არამედ ხალხთან ათანხმებს ამ ყველაფერს. თქვენ ფაქტის წინაშე გვაყენებთ – წავედით, ვრჩებით, იგივენი მიდიხართ, იგივენი რჩებით, თვითონ წარადგენთ, თვითონ ამტკიცებთ, პროგრამებიც პრაქტიკულად ერთი და იგივეა, რასაც ჩვენ ვისმენთ. გვიმტკიცებთ რომ ბედნიერები ვართ, აყვავებულ და ლამაზ საქართველოში ვცხოვრობთ. უბრალოდ, უმადურები ვართ, რომ ამ ყველაფერს არ გიფასებთ. გარწმუნებთ, ასე არ არის. ჩვენ ძალიან მადლიერი ერი ვართ საერთოდ და ყოველთვის გვაქვს უნარი, დავაფასოთ ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს ხალხზე.

სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ ამ რეალურ ზრუნვას თქვენი მხრიდან ხალხისადმი. ჩვენ არ გიჭერთ მხარს, რადგან თქვენ განზრახ, ქართველი ხალხის ნების წინაღმდეგ, არ დასაჯეთ და არ სჯით სააკაშვილებს და ბოკერიებს, მეტიც, ეწევით მათთან პოლიტიკურ თამაშებს, პოლიტიკურ სპექტაკლებს და წირავთ ქვეყანას. ამ პოლიტიკური თამაშების და სპექტაკლის ნაწილია ის 800 000 ხმა, ვირტუალური, რომელიც თქვენ დაუწერეთ „ნაციონალურ მოძრაობას“, 800 000 მხარდამჭერი და ამომრჩეველი რომ ჰყავდეთ, კიდევ კარგი, რომ არ ჰყავთ, მინიმუმ 8 000 კაცი უნდა ჰყავდეთ გამოყვანილი პარლამენტის წინ. მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. მაგრამ მე მოგიწოდებთ, ეს პოლიტიკური სპექტაკლები დამთავრდეს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ.

ჩვენ არ გიჭერთ მხარს იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა თქვენი მმართველობის პერიოდში არაერთხელ აღმოჩნდა რუსეთთან ომის პირას. ამისთვის იღწვიან – დიახ, ამისთვის იღწვიან სააკაშვილები და ბოკერიები, ჩვენ ამას კარგად ვაცნობიერებთ, ომი თქვენ არ გინდათ, გასაგებია და ჩვენ მშვიდობა გვინდა, საღად მოაზროვნე საზოგადოებას, სააკაშვილები და ბოკერიები ცდილობენ ჩაგვითრიონ სხვადასხვა ტიპის ავანტურაში, რომ კიდევ ახალი ტერიტორიები დავკარგოთ. რას აკეთებთ თქვენ, თქვენ მოქცეული ხართ სააკაშვილების და ბოკერიების იდეოლოგიის წნეხის ქვეშ, ამერიკა რას იტყვის, ევროკავშირის ელჩი რას იტყვის, ქართველი ხალხი რას იტყვის – ამაზე უნდა იფიქროთ თქვენ და როგორ უნდა დავამშვიდოთ ქვეყანაში სიტუაცია, რომ მუდმივად არ ვიყოთ რუსეთთან ახალ-ახალი ომების საფრთხეების წინაშე. ამ გავრილოვის პროვოკაციის მერე, ჩვენ რა დიდი ზიანის წინაშე დავდექით, ქალბატონმა ნათია თურნავამ დეტალურად ილაპარაკა ამაზე საკომიტეტო მოსმენისას და სხვა გამოსვლების დროს, ციფრებში – რა ზიანი მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, მაგრამ კონკრეტულ ადამიანებს შეეხო ეს ზიანი და პასუხისმგებელი. ის კი არ არის – აი, აქ რომ ზის ხოლმე სააკაშვილი და ბოკერია, სააკშვილის ხალხი და ბოკერიები, ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფი, პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, რომ ქვეყანაში არ იყოს რყევები, იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. თქვენ ეს ვერ უზრუნველყავით, ყველაფრის გეშინიათ, პატარა ბავშვებივით ხართ, რაღაც ფობიები დაგემართათ – ის რას იტყვის, ეს რას იტყვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ქართველი ხალხი რას იტყვის, ეს არის თქვენთვის მთავარი, ეს უნდა იყოს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილის თქმით, მთავრობის ქმედებებიდან არ ჩანს, რომ რეალურად აინტერესებთ სოხუმი და ცხინვალი.

„ჩვენ არ გიჭერთ მხარს, რადგან ლაპარაკობთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ გინდათ, აღდგეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. მაგრამ, თქვენი ქმედებებიდან არ ჩანს, რომ რეალურად გაინტერესებთ სოხუმი და ცხინვალი, რეალურად გინდათ პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან, მოსკოვთან. თქვენ არ ებრძვით აჭარაში თურქულ ექსპანსიას, მე ამაზე დახურულ სხდომაზეც ვისაუბრე და დეტალური ინფორმაციაც მივაწოდე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ისედაც ფლობთ ამ ინფორმაციას, მაგრამ საჭიროა ქმედებები რომ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები იყოს დაცული.

დავით გარეჯისთვის იღწვით თქვენ? სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარე ზის აქ, უნდა მობრძანდეთ პარლამენტში და გააკეთოთ დეტალური მოხსენება, რა ხდება დავით გარეჯში, როგორ მუშაობს კომისია, რა შედეგებია და საერთოდ, რა ხდება. თუ საჭიროა, დავხუროთ სხდომა და ისე ვიმუშაოთ, რომ საერთო საქმეს ზიანი არ მიადგეს, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ მობრძანდეთ პარლამენტში.

ჩვენ არ გიჭერთ მხარს იმიტომ, რომ საუბრობთ ბიზნესის განვითარებაზე, ბევრი მოხსენება მაქვს მე მოსმენილი, მაგრამ რეალურად, წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარება სტიმულს არ აძლევთ. მე ძალიან წვრილ, საოჯახო ბიზნესზე ვლაპარაკობ, ახლა რომ ადამიანებმა ამოისუნთქონ და ღარიბ ბავშვებზე და შიმშილზე არ ვლაპარალობდე მე ამ ტრიბუნიდან, მთელი ქვეყანა გადაქცეული გაქვთ ერთ დიდ ბანკად და გგონიათ, რომ შპს-ა, თქვენი საკუთარი შპს-ა ეს სახელმწიფო. ასე არ არის ბატონებო, ეს სახელმწიფო ქართველ ხალხს ეკუთვნის და გარეთ გავიხედოთ – გახარებულ სახეს ხედავთ? ქვეყანამ მოიწყინა და ამ მოწყენილ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა თქვენ გაქვთ, ხელისუფლებას.

ჩვენ არ გიჭერთ მხარს იმიტომ რომ ქვეყანაში მიდის მიზანმიმართული შეტევა ქართული აზროვნების, ჩვენი ტრადიციების, კულტურის, რწმენის წიანააღმდეგ და თქვენ რეალურად არაფერს აკეთებთ ამის შესაჩერებლად და მეტს გეტყვით, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზურგს უკან პირიქით თანამონაწილეობთ ამ პროცესებში. თქვენი ნაწილი, ყველაზე ამას ვერ ვიტყვი.

დაბოლოს, ჩვენ არ გიჭერთ მხარს იმიტომ რომ ხელისუფლების ყველა რგოლში წამყვან, მაღალ თანამდებობებზე, მოადგილეების დონეზე, სამსახურების უფროსების დონეზე, თქვენ მოიყვანეთ სააკაშვილ-ბოკერიების ხალხი დაამკვიდრეთ, გააძლიერეთ და ახლა ბერკეტებიც აქვთ უკვე ხელში და ახლა ისინი ხელისუფლების შიგნიდან არიან მოკავშირეები ამ დივერსიული პოლიტიკური ჯგუფების. თქვენ რომ ხან ფაშისტებს უწოდებთ, ნაცისტებს უწოდებთ, არჩევნების წინა პერიოდში ძალიან მძაფრი შეფასებები მესმის ხოლმე, მართალი ბრძანდებით, ზუსტად ესაა – იყო ფაშისტური რეჟიმი საქართველოში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილის თქმით, პოლიტიკური ნების საკითხი არის სამართლიანობის აღდგენა.

„ბატონო გიორგი, თქვენ გააკეთეთ განმარტება, რომ ერთი დეპარტამენტის პრეროგატივაზე როცა ვსაუბრობდით, ყველა ნიუანსი უნდა იყოს დაცული სამართლებრივად, ჩვენ არ უნდა დავუშვათ ის, რომ უდანაშაულო ადამიანი დავსაჯოთ. ვინ ამბობს მერე, რომ უდანაშაულო ადამიანი დავსაჯოთ, დამნაშავეები დაგვისვით პარლამენტში, ცოცხალი კაცი სულხან მოლაშვილი ხელს ადებდა ამან მაწამაო და მე არ ვიცი, ამაზე მეტი მტკიცებულება რა უნდა იყოს კიდევ. ბატონ ირაკლის კარგად ახსოვს კასრების კადრების პრეზენტაცია. იქ რამდენიმე ჟურნალისტმა ვერ გაუძლო ამის ყურებას და თუ გახსოვთ, დარბაზი დატოვეს. სად არის ეს კადრები, ამოვიღოთ და ვაჩვენოთ, რომ გამოიღვიძონ და იმ თაობას ვაჩვენოთ, ამ შვიდი წლის განმავლობაში გაზრდილ თაობას, რომელსაც აღარ ახსოვს, რა ხდებოდა, როგორ აღმოაჩინეთ სამეგრელოში ის კადრები და რა სადიზმს ჰქონდა ადგილი. არავის შეუწუხდება გული, იქ რამდენიმე ჟურნალისტი საუბრობდა იმაზე, რომ ეს შეაშინებს საზოგადოებას, დაიწყება ვნებათაღელვა. არაფერი ვნებათაღელვა არ დაიწყება საზოგადოებაში, უნდა ნახოს ხალხმა, რა სადისტურ რეჟიმთან გვქონდა საქმე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილი სვამს კითხვას, რატომ ვერ ვუვლით ჩვენს ქვეყანას.

„ნუთუ ეს ასეთი ბევრია, რომ ამდენი ჭკვიანი ადამიანია მთავრობაში, რომელსაც პრეტენზია აქვს რომ ჭკვიანია, ამდენი დეპუტატი, რომლებსაც ასევე გვაქვს პრეტენზია, რომ ჭკვიანები და ხალხი მხარს გვიჭერს – როგორ ვერ ვუვლით ამ პატარა ქვეყანას, რატომ ვერ ვუვლით ამ პატარა ქვეყანას. ჩვენ გარშემო ყველამ გაიხარა, სომხეთს გადავხედოთ, რა ხდება, დანაკარგების გარეშე ასოცირების ხელშეკრულებაც აქვთ გაფორმებული, დანაკარგების გარეშე თანამშრომლობენ რუსეთთანაც, ამერიკასთანაც, ევროპასთანაც, ჩვენ რა გვემართება, რატომ გავიხადეთ თავი ასე ბოკერიების და სააკაშვილების იდეოლოგიის მძევლებად.

სამხედრო მიუმხრობლობაზე ვლაპარაკობთ ჩვენ, მინდა მოგიწოდოთ რომ სერიოზულად დაიწყოთ ფიქრი ამ პლატფორმაზე, ეს არის ევროპული მოდელი, ეს არის ავსტრიის, ფინეთის, შვედეთის მოდელი, ძალიან წარმატებული მოდელები და მე გარწმუნებთ თქვენ, რომ სამხედრო მიუმხრობლობის ეს მოდელი აუცილებლად იქნება მხარდაჭერილი ამერიკელების მხრიდანაც. გარწმუნებთ, რომ ეს ყველასთვის გამოსავალი იქნება, საქართველომ რომ ეს გზა აირჩიოს და ეს გეზი ნატო-სთვისაც, რომელიც რეალურად არ გვიჭერს ჩვენ, ეს უთხარით ქართველ ხალხს ღიად, ნატო თვითონ ამბობს ღიად, რომ უახლოეს პერსპექტივაში, 20-25 წლის მანძილზე ის ჩვენ ვერ გაგვაწევრიანებს და ახლა ასპირანტებისა და აბიტურიენტების დონეზე როდემდე უნდა ვიყოთ და ესეთი საფრთხეების წინაშე როდემდე უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ განვითარების სულ სხვა გეზზე, რაც არ გულისხმობს უარის თქმას ევროინტეგრაციაზე, შვეციარია არ არის ევროინტეგრირებული? ან ფინეთი, ან ავსტრია? ამიტომ, მე მინდა, ვისურვო ერთი რამ, სტაბილურობა, სიმშვიდე, პროგრესი, განვითარება, დემოკრატია, თავისუფლება და მინდა, მოვუწოდო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჯანსაღ ნაწილს ჩვენთან გადმოდით, ჩვენთან, ჩვენ ვართ მომავლის პარტია და მინდა, ასევე მივმართო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ვინც იზიარებთ ჩვენს სულისკვეთებას და ფასეულობებს ასევე ჩვენი კარი ღია არის თქვენთვის“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.