ირმა ინაშვილი - ქართველი ხალხი არ აპირებს დავით გარეჯის დათმობას, რაც ჩვენია, ჩვენია
ირმა ინაშვილი - ქართველი ხალხი არ აპირებს დავით გარეჯის დათმობას, რაც ჩვენია, ჩვენია

ქართველი ხალხი არ აპირებს დავით გარეჯის დათმობას, რაც ჩვენია, ჩვენია, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მან აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა ასეთი აქტიურობისთვის, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩვენი სამშობლოს გვერდში და ეს ჩვენი სამშობლო მარტო სიტყვები არ არის, ჩვენი სამშობლო აქ არის და ჩვენი სამშობლო არის მიწა, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი მართლმადიდებლობა და ეს ყველაფერი დღეს დასაცავია, როგორც ხედავთ.

სისხლი იღვრებოდა, ჩვენი წინაპრები სისხლს ღვრიდნენ, რომ ქართული მიწა შეენარჩუნებინათ და რას აკეთებენ ეს უსინდისოები, ჰექტარ-ჰექტარ თმობენ ქართულ მიწებს, ეს უნდა დავამთავროთ. ეს არის დანაშაული და დიდი ღალატი.

შევიკრიბეთ, რათა არავის, ეგონოს, რომ ეს ქვეყანა მისი შპს და ბანკია, ეს ქვეყანა ქართველი ხალხის არის და აი, აქ არის ეს ქართველი ხალხი. ნელ-ნელა ბრაზდება ეს ქართველი ხალხი და ისე გაბრაზდება, რომ შემოდგომაზე ასი ამდენი გამოვალთ კიდევ, ეს რეპეტიციაა. ჩვენ არ გავჩერდებით, ეს გვინდა, რომ იცოდეთ და ყველას გადასცეთ თქვენს ქალაქებში, თქვენს რაიონებში. ჩვენ გავაგრძელებთ ამ აქციებს უწყვეტ რეჟიმში, არ დამთავრდება ეს ყველაფერი, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, ყველა მოთხოვნა დაწყებული სიღარიბის დაძლევით, გაგრძელებული სამხედრო მიუმხრობლობით“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილმა განაცხადა, რომ მორიგი აქცია 29 ივნისს ზუგდიდში გაიმართება, შემდეგ კი აქციები ჩატარდება ბათუმსა და ფოთში.

„იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება გააცნობიერებს ჩვენს მოთხოვნებს და დაიწყება მზადებას მათი დაკმაყოფილებისთვის.

ჩვენ პატივს ვცემთ აზერბაიჯანელებს, მისი პრეზიდენტი მიგვაჩნია გონიერ ადამიანად და სწორედ ამ სცენიდან, თავისუფლების მოედნიდან მივმართეთ აზერბაიჯანის პრეზიდენტსაც, რომ კარგად გააცნობიეროს ის ვითარება, რაც ჩვენს ქვეყანაშია, ქართველი ხალხი არ აპირებს დავით გარეჯის დათმობას, ის, რაც ჩვენია, ჩვენია. გარდა ამისა, გვაქვს სოციალური მოთხოვნები, ეკონომიკური მოთხოვნები. სოციალურ მოთხოვნათა შორის არის უფასო კვება სკოლებში, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ასევე საოჯახო ბიზნესის დაწყება ათი ათასი ადამიანისთვის და გაწერილი გვაქვს ეს პროექტი, ბიუჯეტშიც არის საშუალება, რომ შეიქმნას სპეციალური სააგენტო და ათი ათასმა ოჯახმა ააწყოს პატარა ბიზნესი“, – განაცხადა ინაშვილმა.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსმა“ აქცია დავით გარეჯის თემაზე დღეს გამართა.