ირმა ინაშვილი - მონაწილეობას მივიღებთ მეხუთე რაუნდში, რამდენიმე დეპუტატის შესვლით ეს პარლამენტი ვერ ხდება მრავალპარტიული, აუცილებელია ახალი არჩევნები
ირმა ინაშვილი - მონაწილეობას მივიღებთ მეხუთე რაუნდში, რამდენიმე დეპუტატის შესვლით ეს პარლამენტი ვერ ხდება მრავალპარტიული, აუცილებელია ახალი არჩევნები

მეხუთე რაუნდს ელოდება მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენი პარტია მონაწილეობდა ყველა რაუნდში და ცხადია, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას მეხუთე რაუნდში, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა თემის კომენტირებისას.

ირმა ინაშვილის თქმით, მისი სურვილია, ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნოს.

„მე ვისურვებდი, რომ შედგეს შეთანხმება არა მარტო საარჩევნო კანონმდებლობის დაკავშირებით, არამედ იმასთან დაკავშირებით, რომ დაინიშნოს ქვეყანაში ახალი არჩევნები. ჩვენ ეს მოთხოვნა გვქონდა დასაწყისშივე და დღესაც ეს მოთხოვნა გვაქვს.

მინდა, გითხრათ ისიც, რომ ხელისუფლებებს ახასიათებთ ხოლმე სიხისტე. ზოგიერთ ხელისუფლებას ახასიათებს სიჯიუტე, ზოგიერთს უგუნურება. ამ ვითარებაში, როცა ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, მინდა, „ქართული ოცნება“ დავარწმუნო იმაში, რომ პარლამენტში რამდენიმე დეპუტატის შესვლით არ იცვლება პოლიტიკური რეალობა და ეს პარლამენტი ვერ ხდება მრავალპარტიული.

„ქართული ოცნების“ ლოგიკას თუ გავყვებით, რჩევაც მინდა, მივცე – შეუძლიათ, ამ 90 დეპუტატიდან ოთხი დეპუტატი გამოყონ და შექმნან ახალი პარტია „ბედნიერი კობახიძე“, მაგალითად. ეს არ იქნება მრავალპარტიული პარლამენტი, ამიტომ აუცილებელია, ქვეყანაში დაინიშნოს ახალი არჩევნები და დაგვიბრუნდეს რწმენა არჩევნებისადმი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.