ირმა ინაშვილი - მივმართავ უმრავლესობას, სასამართლო სისტემის ჩინჩალაძე-მურისიძეებისგან გაწმენდა დაიწყოს
ირმა ინაშვილი - მივმართავ უმრავლესობას, სასამართლო სისტემის ჩინჩალაძე-მურისიძეებისგან გაწმენდა დაიწყოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ინაშვილმა განაცხადა, სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეორგანიზაცია უნდა მოხდეს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა ჩინჩალაძე-მურისიძეებისგან უნდა გათავისუფლდეს, რადგან სასამართლო სამართლიანი გადაწყვეტილებით ფასობს.

„ამ მოსამართლეებს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დროს უკანონო გადაწყვეტილებები აქვთ გამოტანილი. უმრავლესობას მივმართავ, მათ მხარი არ დაუჭიროს და მსგავსი სახის მოსამართლეებისგან სასამართლო სისტემის გაწმენდა დაიწყოს. ჩინჩალაძე-გვრიტიშვილის წარდგენა ცინიკური დამოკიდებულებაა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაპირისპირებული იყო მოსამართლეებთან და წინა ხელისუფლებასთან. ფართო დისკუსია უნდა დაიწყოს იმაზე, როგორ მოხდა მათი შერჩევა და გადმოგზავნა“, – განაცხადა ინაშვილმა.

ამასთან, ირმა ინაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას და ამ მიმართულებით ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას ითხოვს.