ირმა ინაშვილი - ელიზაბეთ რუდთან და ელჩებთან პეპლებზე და ყვავილებზე არ ვსაუბრობდით, საუბარი შეეხო ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას
ირმა ინაშვილი - ელიზაბეთ რუდთან და ელჩებთან პეპლებზე და ყვავილებზე არ ვსაუბრობდით, საუბარი შეეხო ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას

პეპლებზე და ყვავილებზე არ ვსაუბრობდით, საუბარი შეეხო ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, – განუცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილესთან, ელიზაბეთ რუდთან სადილის შემდეგ ჟურნალისტებს „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრის ყველა დეტალზე არ ისაუბრებს.

„ყველა დეტალზე სამწუხაროდ საუბარი არ შემიძლია. თემა რა თქმა უნდა ეხებოდა პოლიტიკურ პროცესს, ქვეყანაში საარჩევნო სისტემას ძალიან ბევრი დეტალი იყო განხილული. ზოგადად, ეს შეხვედრა იყო არაოფიციალური, უბრალოდ, ოჯახურ გარემოში. საარჩევნო სისტემას უკავშირდებოდა, მაგრამ ფორმატი იყო არაოფიციალური. ეს არ იყო შეხვედრა, სადაც რაიმე ტიპის შეთანხმება უნდა შედგეს. წარმოიდგინეთ, არაოფიციალურ გარემოში შეხვედრა-საუბარი იყო სხვადასხა თემაზე. შეთანხმება და რაღაც დოკუმენტზე, მემორანდუმზე ხელმოწერა არ ხდება ასეთ გარემოში. როგორც წესი, ისმენენ ჩვენს მოსაზრებებს, რას ვფიქრობთ ჩვენ, სხვა პოლიტიკოსები. ასევე, ელჩებს მოვუსმინეთ სხვადასხვა თემებზე. რა თქმა უნდა, პეპლებზე და ყვავილებზე არ ვსაუბრობდით, საუბარი შეეხო ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილესთან, ელიზაბეთ რუდთან სადილზე იმყოფებოდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში. როგორც სადილიდან გამოსულები აცხადებენ, შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებიდან არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე დემოუკიდებელი დეპუტატები, გია ჟორჟოლიანი, მარიამ ჯაში და თამარ ჩუგოშვილი, ასევე ირმა ინაშვილი „პატრიოტთა ალიანსიდან“, გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნინო ბურჯანაძე „დემოკრატიული მოძრაობიდან“, დავით უსუფაშვილი „ლელოდან“.