ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ არ აყენებს
ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ არ აყენებს

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით მათი პარტიის წარმომადგენლის, გიორგი ლომაიას აზრი კონტექსტიდან ამოვარდნილი სახით გავრცელდა.

ირმა ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსს“ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციაში ეჭვი არ ეპარება.

„სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტია და რა თქმა უნდა, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ მის ლეგიტიმაციაში ეჭვი არ შეაქვს. გიორგი ლომიამ სულ სხვა რამ იგულისხმა. სამწუხაროდ, კონტექსტიდან მოწყვეტილი აზრი გავრცელდა. მკაფიოდ ვამბობ – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ არანაირად არ აყენებს ეჭვქვეშ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ლეგიტიმურობას.

მეორე საკითხი – სად იქნება ინაუგურაცია და სად არ იქნება, ჩვენ არ გვეხება. ეს ქალბატონი სალომეს პრეროგატივაა. პირადად მე არასდროს მომწონდა ინაუგურაცია პარლამენტის წინ. ყოველთვის ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ინაუგურაცია პრეზიდენტის სასახლეში უნდა შედგეს, მაგრამ ეს ჩემი პირადი აზრია. დავესწრები თუ არა ინაუგურაციას? საქართველოში არ ვიმყოფები. 16 დეკემბრამდე მე და დავით თარხან- მოურავი ბრიუსელში ვართ, ამიტომ ინაუგურაციას ფიზიკურად ვერ დავესწრებით. თუ პარტიას მიიწვევენ, შევთანხმდებით და პარტიის წარმომადგენელი მივა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას.