ირლანდიური გამოცემა - ვაისს სურს, დაასრულოს ის, რასაც ქართველები „ირლანდიულ წყევლას“ უწოდებენ
ირლანდიური გამოცემა - ვაისს სურს, დაასრულოს ის, რასაც ქართველები „ირლანდიულ წყევლას“ უწოდებენ

ირლანდიურმა გამოცემა „ჰერალდმა“ ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველოსა და ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირებას წერილი მიუძღვნა.

მატჩი 12 ოქტომბერს თბილისში „დინამო-არენაზე“ გაიმართება და საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გამოძახებულ მოთამაშეთა სია დაასახელა. მის სიაში ორი თავდამსხმელია, გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია) და გუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი). თუმცა, ირლანდიური გამოცემა რატომღაც წერს, რომ ვაისი მხოლოდ ერთ თავდამსხმელს დაეყრდნო.

„საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი იმედოვნებს, რომ გუნდი მომდევნო კვირას ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ირლანდიას წინააღმდეგ მიზანს ერთი თავდამსხმელით მიაღწევს“ – ასეთ დასკვნას აკეთებს ირლანდიური გამოცემა.

ჰერალდი“ იმაზეც წერს, რომ საქართველოს ირლანდიასთან თამაში არ მოუგია და ნავსის გატეხვა სურს.

„სექტემბერში ვაისს ევროთასებზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოწინააღმდეგე „ასტანაში“ იწვევდნენ, მაგრამ ის საქართველოში დარჩა. სლოვაკი სპეციალისტი მოთამაშეებს ბევრი ქვეყნიდან იწვევს, რათა ისეთი გუნდი ჩამოაყალიბოს, რომელიც პირველად შეძლებს ირლანდიის დამარცხებას და დაასრულოს ის, რასაც ქართველი გულშემატკივრები „ირლანდიულ წყევლას“ უწოდებენ“, – წერს გამოცემა.

ირლანდიური გამოცემა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ნაკრებში ლეგიონერების სიმრავლეზე.

„ვაისის 24-კაციანი გუნდის შემადგენლობაში არიან მოთამაშეები, რომლებიც 17 სხვადასხვა ქვეყანაში თამაშობენ – აშშ-იდან დაწყებული ყაზახეთით დამთავრებული. ბელგიური „გენტის“ წევრი გიორგი ქვილითაია გუნდში ერთადერთი თავდამსხმელია.  აშშ-ში გადასულ ვალერი ყაზაიშვილსაც ბევრი გააქვს – ნახევარმცველის ანგარიშზე 42 თამაშში 10 გოლია. სხვათა შორის, 2017 წელს თბილისში საქართველომ ირლანდიასთან ფრედ (1: 1) მისი გოლით დაასრულა“, – წერს ირლანდიური „ჰერალდი“.