ირლანდიასთან რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაგვაკლდება - საქართველოს ქალთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ირლანდიის წინააღმდეგ მატჩისთვის ემზადება – გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრას გამართავს.
გიორგი ჩხაიძის გუნდი მოახლოებული მატჩისთვის 20 ივნისიდან 23 მოთამაშის შემადგენლობით ემზადება. ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ საქართველოს ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა.
სამწუხაროდ, გუნდში დიდი დანაკლისია – გუნდს ირლანდიასთან შეხვედრაში თამარ ტატუაშვილი, თეონა თოდაძე, ტატა მატვეევა და ნინო სუთიძე ვერ დაეხმარებიან. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა მომდევნო მატჩში მონაწილეობას ირინა ხაბურზანია.
„შემადგენლობასთან დაკავშირებით ცვლილებებია. რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ტრავმის გამო დაგვაკლდება. ამის მიუხედავად, ძალიან რთული თამაში იქნება. ირლანდია ერთ-ერთი წამყვანი ნაკრებია ჩვენ ჯგუფში და ძალიან შემტევ ფეხბურთს შემოგვთავაზებენ. ჩვენი მიზანი იქნება, დაცვაში სუფთად ვითამაშოთ და ამ წნეხს გავუძლოთ. პირველ თამაშში დავმარცხდით, ანგარიში ყველას მოეხსნება და ვეცდებით, რომ ეს აღარ განმეორდეს და გულშემატკივარს პოზიტივი, კარგი მხარე დავანახოთ“, – ამბობს საქართველოს ნაკრების წევრი თამარ ქველიძე.
საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, 27 ივნისს, 20 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის YouTube არხზე იხილავთ.