ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება დონეცკის ოლქიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციას იწყებს
ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება დონეცკის ოლქიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციას იწყებს

უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება დონეცკის ოლქის არაოკუპირებული რაიონებიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციას აცხადებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის მიზეზად, რუსეთის მხრიდან გახშირებული იერიშების გარდა, ზამთრის სეზონის მოახლოება დასახელდა, რადგან მოქალაქეები გათბობის გარეშე დარჩებიან.

ირინა ვერეშჩუკის თქმით, დონეცკის ოლქში მთლიანად არის განადგურებული გაზსადენები, რის გამოც ვერც ერთი ქალაქისა და დასახლების გათბობა ვერ მოხერხდება. მისივე თქმით, დონეცკის ოლქში ამ დრომდე რჩება 200-220 ათასი ადამიანი. მათ შორის არიან ბავშვებიც.

ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ საუბარია არა ნებაყოფლობით, არამედ სავალდებულო ევაკუაციაზე. უკრაინის ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ ასეთი ზომის გატარებას უკრაინის კანონმდებლობა ითვალისწინებს. მისივე განმარტებით, უკრაინის მოქალაქე თუ უარს იტყვის ევაკუაციაზე, მაშინ მან შესაბამის განცხადებას უნდა მოაწეროს ხელი.

უკრაინის ხელისუფლებამ უკვე შექმნა საევაკუაციო შტაბი, რომელშიც შევლენ უკრაინის იმ რაიონების ხელმძღვანელები, სადაც დონეცკის ოლქიდან ევაკუირებული მოქალაქეების დროებით გადაყვანა იგეგმება.