ირინა ფრუიძე - ვაპროტესტებთ რუსეთის დელეგაციის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნებას
ირინა ფრუიძე - ვაპროტესტებთ რუსეთის დელეგაციის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირინა ფრუიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან, სადაც  რუსეთის დელეგაციის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნება გააპროტესტეს.

„საქართველოს, უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის დელეგაციები ვაპროტესტებთ რუსეთის დელეგაციის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნებას“, – წერს ირინა ფრუიძე „ფეისბუქში“.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის თავმჯდომარემ, ვლადიმერ არევმა თქვა, რომ ევროსაბჭოს მომავალი საფრთხის ქვეშაა, რადგან ევროსაბჭო იმ ხალხის ნდობას კარგავს, რომელსაც ის იცავს.

დებატების დასრულების შემდეგ, დარბაზში წაიკითხეს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასამბლეის არც ერთი მოთხოვნის შესრულების გარეშე რუსული დელეგაციისთვის უფლებამოსილების აღდგენა ევროსაბჭოს მთავარ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და არის არასწორი სიგნალი იმ ქვეყნისთვის, რომელიც ევროპაში დემოკრატიების დესტაბილიზაციას ახდენს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შეზღუდვების გარეშე რუსეთის ორგანიზაციაში დაბრუნების შესახებ რეზოლუცია დღეს დაამტკიცა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ცოტა ხნის წინ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთს დაბრუნების და ზაფხულის სესიაში მონაწილეობის საშუალებას აძლევდა. დოკუმენტს მხარი დაუჭირა ასამბლეის 118-მა წევრმა, 62 წინააღმდეგი იყო, ათმა კი თავი შეიკავა. სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის დელეგაციების წევრებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის უფლებამოსილების აღდგენის წინააღმდეგ მწვავე განცხადებები გააკეთეს.

რუსეთის დელეგაციას 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, რის შემდეგაც რუსეთმა ევროსაბჭოში საწევროს გადახდა შეწყვიტა.