IRI-ის მიერ გამოკითხულთა 62 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
IRI-ის მიერ გამოკითხულთა 62 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოკითხულებს შეკითხვა დაუსვა, საერთო ჯამში, ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით თუ არასწორი მიმართულებით. ამ საკითხზე გამოკითხულთა 62% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. 26% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. პასუხი არ აქვს ან არ იცის 12%-მა.

ამასთან, შეკითხვაზე, როგორ შეაფასებდით საქართველოს მოსახლეობის ამჟამინდელ განწყობას, პასუხები ასე გადანაწილდა: ოპტიმისტური – გამოკითხულთა 54%; ნეიტრალური – 34%; პესიმისტური – 9%.

გამოკითხვისას კიდევ ერთი საკითხი იყო საზოგადოების განწყობის შეფასება დემოკრატიასთან მიმართებაში. კითხვაზე – გთხოვთ გვითხრათ, როგორ აფასებთ შემდეგ განაცხადს: „კმაყოფილი ვარ საქართველოში დემოკრატიის არსებული ხარისხით“, პასუხები ასე გადანაწილდა: 11% – იზიარებს, 34% – ნაწილობრივ იზიარებს. ჯამურად, დადებითი პასუხი აქვს 45%-ს და დემოკრატიის ხარისხით კმაყოფილია. 22% კატეგორიულად არ იზიარებს და 29% ნაწილობრივ არ იზიარებს. ანუ ჯამურად, გამოკითხულთა 51% საქართველოში დემოკრატიის ხარისხით კმაყოფილი არ არის. 4%-მა უპასუხა – არ ვიცი ან არ უპასუხა შეკითხვას.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI Georgia) ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

დატოვე კომენტარი