IRI-ის კვლევით, გამოკითხულთა 61%-ს მომავალ არჩევნებში ახალი პარტიების ხილვა სურს
IRI-ის კვლევით, გამოკითხულთა 61%-ს მომავალ არჩევნებში ახალი პარტიების ხილვა სურს

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოკითხულებს შეკითხვა დაუსვა, სურთ ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა მომავალ არჩევნებზე, თუ კმაყოფილი არიან არსებული არჩევანით.

გამოკითხულთა 61% აღნიშნავს, რომ სურს ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა; 31% არსებული პოლიტიკური არჩევანით კმაყოფილია; 8%-ს არ აქვს პასუხი შეკითხვაზე.

ამასთან, გამოკითხულებს ჰკითხეს, ეთანხმებიან თუ არ ეთანხმებიან შემდეგ წინადადებას: „ჯანსაღია საქართველოს დემოკრატიისთვის, რომ ხელისუფლებაში ჰყავდეს მრავალი პარტია?“ – 51% მკაცრად ეთანხმება, 26% ნაწილობრივ ეთანხმება, 9% ნაწილობრივ არ ეთანხმება, 8% მკაცრად არ ეთანხმება, 7% არ პასუხობს ან არ აქვს პასუხი.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI Georgia) ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

დატოვე კომენტარი