ირანული მედიის ცნობით, თეირანში, ევინის ციხეში ხანძრის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა და 61 დაშავდა
ირანული მედიის ცნობით, თეირანში, ევინის ციხეში ხანძრის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა და 61 დაშავდა

თეირანში, ევინის ციხეში ხანძრის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა და 61 დაშავდა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„ბიბისის“ ცნობით, შესაძლოა, მსხვერპლი მეტი იყოს.

გავრცელებულ ვიდეოებში ცეცხლმოკიდებული ციხის შენობა ჩანს, ისმის რამდენიმე გასროლის ხმაც.

თეირანში მდებარე ევინის ციხე პოლიტპატიმრების საპყრობილედ ითვლება.

ირანში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შემდეგ აგორებული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები სწორედ ამ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ჯერ უცნობია, უკავშირდება თუ არა ციხეში გაჩენილი ხანძარი ქვეყანაში მიმდინარე აქციებს.

ირანის ხელისუფლებამ ციხეში ცეცხლის გაჩენაში „კრიმინალური ელემენტები“ დაადანაშაულა. ირანული მედია თეირანის გუბერნატორზე დაყრდნობით წერს, რომ ციხის ერთ-ერთ ნაწილში პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს.

ზოგიერთი ირანელი ჟურნალისტი ციხეში ცეცხლის განზრახ გაჩენაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ ხანძრის გაჩენამდე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ირანის ყოფილი პრეზიდენტის, აკბარ ნაშემი რაფსანჯინის შვილი.

ცეცხლის გაჩენის შემდეგ ციხესთან პატიმრების ადვოკატებსა და ახლობლებს არ უშვებდნენ.