ირანული მედიის ცნობით, 12-დღიანი ომის დროს ისრაელის ავიაციის ერთ-ერთი დაბომბვის შედეგად, მასუდ ფეზეშქიანმა სავარაუდოდ ფეხის მსუბუქი დაზიანება მიიღო
ირან-ისრაელის 12-დღიანი ომის დროს ისრაელის ავიაციის ერთ-ერთი დაბომბვის შედეგად ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა, სავარაუდოდ, ფეხის მსუბუქი დაზიანება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, 16 ივნისს ექვსი ბომბი თეირანში მდებარე საიდუმლო მიწისქვეშა ობიექტის შესასვლელ წერტილებს ესროლეს, სადაც ფეზეშქიანი უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომას ესწრებოდა.
აფეთქებების შემდეგ სამიზნე სართულზე ელექტროენერგია გაითიშა. თუმცა, როგორც ამბობენ, ირანელმა ოფიციალურმა პირებმა წინასწარ განსაზღვრული საავარიო ლუკიდან გასვლა მოახერხეს.
ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ირანის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ისრაელმა მისი მოკვლა სცადა იმ ტერიტორიის დაბომბვით, სადაც ის შეხვედრას მართავდა.
ირანული მედია წერს, რომ ისრაელის რეჟიმმა მოკლა რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო მეთაური, მეცნიერი და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ქალები და ბავშვები. ირანში აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 1 060 ადამიანი დაიღუპა და 5 650 დაშავდა.