ირანში ბრიტანეთის ელჩის ქვეყნიდან გაძევება მოითხოვეს
ირანში ბრიტანეთის ელჩის ქვეყნიდან გაძევება მოითხოვეს

ირანში დიდი ბრიტანეთის ელჩს პერსონა ნონ გრატა უწოდეს და ქვეყნიდან მისი გაძევება მოითხოვეს. როგორც გამოცემა „გარდიანი“ წერს, ამის შესახებ ირანის სასამართლო სისტემის პრესსპიკერმა გოლამჰოსეინ ისმაილიმ განაცხადა. ირანის ხელისუფლებამ ბრიტანელი დიპლომატი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც დიპლომატი რობერტ მაკაირი თეირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე რამდენიმე საათით დააკავეს.

„საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ასეთი პირი პერსონა ნონ გრატაა. ხალხი ამ პირის გაძევებას ელოდება და სწორედ ამას ითვალისწინებს საერთაშორისო სამართალი“, – განაცხადა ისმაილიმ.

ამასთან, თეირანში ბრიტანეთის საელჩოსთან შეკრებილმა პროსახელისუფლებო აქციის მონაწილეებმა ბრიტანეთის ელჩის სურათი, ასევე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის დროშები დაწვეს.

ირანში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 11 იანვარს ხელისუფლებამ „უკრაინის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდება აღიარა.